Литмир - Электронная Библиотека
Содержание  
A
A

«ვიცი, რომე დამირჯიხართ, დია გმართებს ჩემი მდურვა.

«აწ წადით და მე დამაგდეთ, ეტერენით თავთა თქვენთა,

ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთა ცხელთა, თვალთა ჩემთათ მონადენთა!»

რა ესენი მოისმენდეს საუბართა ესოდენთა,

მითხრეს: «ჰაი, რასა ჰბრძანებ, ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა!

«უშენოსა ნუმცა ვნახავთ ნუ პატრონსა, ნუ უფალსა!

ნუთუ ღმერთმან არ გაგვყარნეს ცხენთა თქვენთა ნატერფალსა!

თქვენ გიჭვრეტდეთ საჭვრეტელსა შვენიერსა, სატურფალსა!»

თურე ბედი მოაღაფლებს კაცსა ეგზომ არ-ღაფალსა.

“ვეღარ გავგზავნენ, სიტყვანი მესმნეს მონათა ჩემთანი,

მაგრა დავყარენ არენი მე კაცრიელთა თემთანი;

სახლად სამყოფნი მიმაჩნდეს თხათა და მათ ირემთანი.

გავიჭერ, სრულად დავტკებნენ ქვე მინდორნი და ზე მთანი.

“ესე ქვაბნი უკაცურნი ვპოვენ, დევთა შეეკაფნეს,

შემოვები, ამოვწყვიდენ, ყოლა ვერას ვერ მეხაფნეს,

მათ მონანი დამიხოცნეს, ჯაჭვნი ავად მოექაფნეს.

საწუთრომან დამაღრიჯა, ცქაფნი მისნი კვლა მეცქაფნეს.

“დევთა ყვირილი, ზახილი ზეცამდის აიწეოდა;

მათისა ლახტის ცემითა ქვეყანა შეირყეოდა;

მზე დააბნელეს მტვერითა, ალვის შტო შეირხეოდა,

ასი ერთ კერძოთ მომიხდეს, დავფრიწე, დაიხეოდა.

«აჰა, ძმაო, მაშინდლითგან აქა ვარ და აქა ვკვდები;

ხელი მინდორს გავიჭრები, ზოგჯერ ვტირ და ზოგჯერ ვბნდები,

ესე ქალი არ დამაგდებს, - არს მისთვისვე ცეცხლ-ნადები, -

ჩემად ღონედ სიკვდილისა მეტსა არას არ ვეცდები!

“რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს,

ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს;

ესე ქალი შემიკერავს, ზოგჯერ სულთქვამს, ზოგჯერ ახავს;

რათგან თავი არ მომიკლავს, ხრმალი ცუდად მომიმახავს.

“მისსა ვერ იტყვის ქებასა ყოველი ბრძენთა ენები;

მას დაკარგულსა ვიგონებ მე, სიცოცხლისა მთმენები;

მას აქათ ვახლავ ნადირთა, თავსა მათებრვე მხსენები;

სხვად არას ვიაჯ ღმრთისაგან, ვარ სიკვდილისა მქენები”.

პირსა იცა, გაიხეთქა ღაწვი, ვარდი აიხეწა,

ლალი ქარვად გარდიქცია, ბროლი სრულად დაილეწა;

ავთანდილსცა ცრემლი წასდის წამწამთაგან ერთ-სახე, წა;

მერმე ქალმან დაადუმა, მუხლ-მოყრილი შეეხვეწა.

ტარიელ უთხრა ავთანდილს, ასმათის დადუმებულმან:

“შენ ყველაკაი გაამე მე ვერას ვერ ამებულმან;

გიამბე ჩემი ამბავი სიცოცხლე-გაარმებულმან,

აწ წადი, ნახე შენი მზე ნახვისა მოჟამებულმან”.

ავთანდილ უთხრა: “მე შენი გაყრა არ მომეთმინების;

თუ გაგეყრები, თვალთაგან ცრემლიცა დამედინების.

მართალსა გითხრობ, ამისი კადრება ნუ გეწყინების,

შენ ვისთვის ჰკვდები, მაგითა მას არა არ ელხინების.

“რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი,

მან სხვა უხმოს მკურნალი და მაჯაშისა შემტყვებარი,

მან უამბოს, რაცა სჭირდეს სენი, ცეცხლთა მომდებარი:

სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი.

“რაცა გითხრა, მომისმინე ბრძენი გეტყვი, არა ხელი:

ასი გმართებს გაგონება, არ გეყოფის, არ, ერთხელი;

კარგად ვერას ვერ მოივლენს კაცი აგრე გულ-ფიცხელი.

აწ მე მინდა ნახვა მისი, ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი.

“იგი ვნახო, სიყვარული მისი ჩემთვის დავამტკიცო;

მოვახსენო, რაცა მეცნას, მეტი საქმე არა მიცო;

შენ გენუკვი, შემიჯერო, ღმერთი იღმრთო, ცაცა იცო,

ერთმანერთი არ გავწიროთ, მაფიცო და შემომფიცო.

“რომე აქათ არ წახვიდე, შენ თუ ამას შემეპირო,

მეცა ფიცით შეგიჯერო, არასათვის არ გაგწირო,

კვლა მოვიდე შენად ნახვად, შენთვის მოვკვდე, შენთვის ვირო,

ღმერთსა უნდეს, ვისთვის ჰკვდები, მისთვის ეგრე არ გატირო”.

მან მიუგო: “უცხოს უცხო ეგრე ვითა შეგიყვარდი?

გასაყრელად გეძნელები, იადონსა ვითა ვარდი;

რაგვარამცა დაგივიწყე, რაგვარამცა უკუმქარდი!

ღმერთმან ქმნას და კვლაცა გნახო ალვა მორჩი, განაზარდი.

“პირი შენი ნახვად ჩემად თუ მობრუნდეს, ტანი იხოს,

გული მინდორს არ გაიჭრას, არ იირმოს, არცა ითხოს;

თუ გიტყუო, მოგაღორო, ღმერთმან რისხვით გამიკითხოს!

შენმან ჭვრეტა-სიახლემან მომაქარვოს სევდა, მითხოს!”

ამას ზედა შეიფიცნეს მოყვარენი გულ-სადაგნი,

იაგუნდნი ქარვის-ფერნი, სიტყვა-ბრძენნი, ცნობა-შმაგნი;

შეუყვარდა ერთმანერთი, სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი,

მას ღამესა ერთგან იყვნეს შვენიერნი ამხანაგნი.

ავთანდილცა მასვე თანა ტიროდა და ცრემლი ღვარა;

რა გათენდა, წამოვიდა, აკოცა და გაეყარა;

ტარიელს თუ ვით ეწყინა, - რა ქმნას, - ამას ვერ მიმხვდარა;

ავთანდილცა ჩატიროდა, შამბი შიგან ჩაიარა.

ავთანდილს ასმათ ჩამოჰყვა, ზენარით ეუბნებოდა,

მუხლთა უყრიდა, ტიროდა, თითითა ეხვეწებოდა,

ადრე მოსლვასა ჰვედრებდა, მართ ვითა ია ჭნებოდა;

მან უთხრა: “დაო, უთქვენოდ სხვა რამცა მეგონებოდა!

“ადრე მოვალ, არ გაგწირავ, არას დავზამ შინა ხანსა,

ოდენ სხვაგან არ წავიდეს, ნუსად არებს იმა ტანსა;

აქათ ორ თვე არ მოვიდე, ვიქმ საქმესა დაუგვანსა,

შეიგენით, მივსცემივარ ჭირსა რასმე თანისთანსა”.

ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა

იგი მუნით წარმოსრული სევდამანცა განა მოკლა!

პირსა იხოკს, ვარდსა აზრობს, ხელი მისი განამხოკლა;

სისხლსა, მისგან დადენილსა, მხეცნი ყოვლი განამლოკლა;

მისმან ფიცხლად სიარულმან შარა გრძელი შეამოკლა.

მუნ მოვიდა, სადა-იგი მისნი სპანი დაეყარნეს.

ნახეს, იცნეს; რაგვარადცა ჰმართებს, აგრე გაეხარნეს.

შერმადინსცა ახარებდეს, ფიცხლად თავნი მისკენ არნეს:

“მოვიდაო, აქანამდის ვისთვის ლხინი გაგვემწარნეს!”

გაეგება, მოეხვია, ზედა დასდვა პირი ხელსა,

აკოცებდა, სიხარულით ცრემლსა ღვრიდა ველთა მრწყველსა;

ესე თქვა, თუ: “ნეტარ, ღმერთო, ცხადსა ვხედავ, ანუ ბნელსა?

მე ვით ღირს ვარ ამას, რომე თვალნი ჩემნი გჭვრეტდენ მრთელსა!”

ყმამან მდაბლად მოიკითხა, ზედა დასდვა პირი პირსა;

უბრძანა, თუ: “ღმერთსა ვჰმადლობ, შენ თუ ჭირი არა გჭირსა!”

დიდებულთა თაყვანის-სცეს, აკოცებდეს, ვინცა ღირს ა,

ზარსა სცემდეს, უხაროდა უფროსსა, თუ უნდა მცირსა.

მივიდეს, სადა სამყოფლად სახლი დგა მუნ აგებული.

მოვიდა ნახვად ყოველი მის ქალაქისა კრებული.

მაშინვე დაჯდა ნადიმად მორჭმული, ლაღი, შვებული.

ენა მის დღისა შვებასა ყოლა ვერ იტყვის კრებული.

შერმადინს უთხრა, უამბო ყოველი მისგან ნახული,

ანუ ვით პოვა იგი ყმა, მისგანვე მზედ დასახული.

ავთანდილს ცრემლი უყოფდა, უბნობდა თვალ-დაფახული:

“უმისოდ მყოფსა სწორად მიჩნს ჩემთვის დარბაზი და ხული”.

მუნ ამბავი შინაური ყველაკაი მოახსენა:

“შენი წასლვა არვინ იცის, რაცა მითხარ, აგრე ვქმენა!”

მას დღე მუნით არ წავიდა, ინადიმა, განისვენა,

ცისკრად შეჯდა, გაემართა, დღე რა მზემან განათენა.

არცაღა დაჯდა ნადიმად, არცაღა ქმნად ხალვათისა;

შერმადინ მახარობელი წავა მისლვისა მათისა,

ფიცხლად წავიდა, სავალი სამ დღე ვლო დღისა ათისა.

მას ლომსა ნახვა უხარის მის მზისა მოკამათისა.

შესთავლა: “მეფე უკადრი ხარმცა მორჭმით და დიდობით!

ამა საქმესა ვიკადრებ შიშით, კრძალვით და რიდობით:

მის ყმისა ვერას ვერ მცნობი ვუხმობდი თავსა ფლიდობით,

აწ ვცან და გაცნევ ყოველსა, მოვალ შვებით და მშვიდობით”.

როსტევან - მეფე უკადრი, მორჭმული, შეუპოველი!

შერმადინ მოციქულობა თვით მოახსენა ყოველი:

“ავთანდილ მოვა წინაშე, მის ყმისა ვისმე მპოველი”.

ბრძანა: “ვცან ჩემი ღმრთისაგან სააჯო და სათხოველი”.

თინათინს ჰკადრა შერმადინ, ნათელსა მას უღამოსა:

“ავთანდილ მოვა წინაშე, გკადრებს ამბავსა ამოსა”.

22
{"b":"715418","o":1}