Литмир - Электронная Библиотека
Содержание  
A
A

წავიდა ვითა ისარი კაცისა მშვილდ-ფიცხელისა.

რა ქაჯეთს შეხდა, ქმნილ იყო ოდენ ბინდ-ბანდი ბნელისა.

უჩინოდ შევლო სიმრავლე მოყმისა, კართა მცველისა,

მას მზესა ჰკადრა ამბავი მისისა სასურველისა.

ციხისა კარნი დახშულნი შევლნა მართ ვითა ღიანი,

შევიდა ზანგი პირ-შავი, თმა-გრძელი, ტან-ნაბდიანი;

იგი მზე დაკრთა, ეგონა სამისო რამე ზიანი,

შეცვალა ვარდი ზაფრანად, ლაჟვარდის-ფერად - იანი.

ზანგმან უთხრა: “ვინ გგონივარ, ანუ აგრე რად დაჰბნდები?

მე ვარ მონა ფატმანისა, თქვენს წინაშე ნამგზავრები;

ამა წიგნმან გამამართლოს, არ ტყუილად გეუბნები,

მზისა შუქნი მოიცადენ, ვარდო, ადრე ნუ დასჭნები!”

პირ-მზე გაკვირდა ფატმანის ამბითა საკვირველითა,

ნუშნი გააპნა, შეიძრნეს სათნი გიშრისა წნელითა.

მას იგი წიგნი მონამან მისცა თავისა ხელითა;

იკითხავს, სულთქვამს, უსტარსა ალტობს ცრემლითა ცხელითა.

მონასა ჰკითხა: “მიამბე, ვინ არის ჩემი მძებნელი?

ანუ ვინ მიცის ცოცხალი, მიწასა ზედა მტკებნელი?”

მან მოახსენა: “ვიკადრებ, რასცა ოდენ ვარ მცნებელი,

რა წამოსრულ ხარ, მას აქათ შენგან ჩვენია მზე ბნელი.

“ფატმანის გული მას აქათ ლახვართა შენახევია;

მას რომე ცრემლი სდენია, ზღვათაცა შენართევია;

მე ერთხელ შენი ამბავი მისთვის კვლა მიმირთმევია,

ღმერთსა ვიმოწმებ, მას აქათ ტირილი არ დაჰლევია.

“აწ ვინმე მოყმე მოვიდა შვენიერითა პირითა,

მან უთხრა წვრილად ყველაი, თქვენ ხართ რითაცა ჭირითა.

იგია შენი მძებნელი მკლავითა ვითა გმირითა;

მე გამომგზავნეს, დამვედრეს სწრაფა სწრაფითა ხშირითა”.

ქალმან უთხრა: “მემართლების, ყმაო, შენი ნაუბარი!

ფატმან ჩემი რა იცოდა, ვიყავ ვისი წანაგვარი?

უღონიოდ არის სადმე ჩემი ცეცხლთა მომდებარი,

მე მივუწერ, შენცა ჰკადრე, ვარ ვითამცა გულ-მდუღარი”.

წიგნი ნესტან-დარეჯანისა ფატმანთანა

პირ-მზე სწერს: “აჰა, ხათუნო, დედისა მჯობო დედაო!

მისგან ტყვე-ქმნილსა სოფელმან რა მიყო, ამას ჰხედაო?

მე, გლახ, მათ ჩემთა პატიჟთა სხვაცა დამერთო ზედაო,

აწ ვნახე შენი უსტარი, მე დიდად მეიმედაო.

“შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა, გამიადვილე ჭირები,

აწ აქა სრულთა ქაჯთაგან ვარ ასრე დანამჭირები:

ერთსა მცავს ერთი სამეფო, ბევრჯერ ათასი გმირები,

ავად მომიხდა თათბირი და ჩემი დანაპირები!

“სხვად ამბავი აქაური მეტი რამცა მოგიწერე:

ქაჯთა მეფე არ მოსრულა, არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე,

მაგრა სპანი უთვალავნი მცვენ და მათი სიალფე-რე,

რასა ჰქვიან ძებნა ჩემი? არ ეგების, დაიჯერე!

“ვინცაღა ჩემი მძებნელი მოსრულა, ცუდ-მაშვრალია,

იჭირვის, იწვის, ენთების, ჩემი სწვავს ცეცხლებრ ალია,

მაგრა მას ვჰნატრი, უნახავს მზე, ამად არ-დამზრალია,

უმისოდ ჩემი სიცოცხლე, ვამე, რა დიდი ბრალია!

“შენ ამბავი არ გიამბე, მაშინ ამად დაგიმალე,

ვერ იტყოდა ენა ჩემი, თავი ჭირთა გავაკრძალე;

გეაჯები, საყვარელსა შემახვეწე, შემაბრალე,

ნუ წამოვა ძებნად ჩემად, მიუწერე, შე-ცა-სთვალე.

“მე რომ მჭირს, კმარის, ნუ მომკლავს ამისითავე სწორითა:

მას მკვდარსა ვნახავ, მოვკვდები მე სიკვდილითა ორითა.

ვერას ვინ მარგებს, დასტურად ვიცი, არ რამე ჭორითა,

არ დაგმორჩილდეს, დამქოლე შავისა ქვისა ყორითა.

“გეთქვა ნიშნისა გაგზავნა, აწ ესე განამჟღავნია,

მისეულთავე რიდეთა ნაკვეთი გამიგზავნია;

ესენი ჩემთვის მის გამო ტურფანი სანახავნია,

თუცა თუ ფერად ბედისა ჩემისა მსგავსად შავნია”.

წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელთანა

აწ საყვარელსა მიუწერს გულ-ამოსკვნილი, მტირალი,

მისმანვე ცრემლმან დაუვსის, ვის ედებოდა ვის ალი!

დაწერა წიგნი, მსმენელთა გულისა გასაგმირალი,

ვარდი გააპის, გამოჩნდის მუნ ბროლი გამომჭვირალი.

“ჰე ჩემო, ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები,

ტანი კალმად მაქვს, კალამი ნაღველსა ამონაწები,

მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები, -

გულო, შავ-გულო, დაბმულხარ, ნუ აეხსნები, აწ ები!

“ჰხედავცა, ჩემო, სოფელი რათა საქმეთა მქმნელია!

რაზომმცა ნათობს სინათლე, ჩემთვის ეგრეცა ბნელია.

ბრძენნი იცნობენ, სწუნობენ, მით მათგან საწუნელია;

უშენოდ ჩემი სიცოცხლე, ვამე, რა დიდი ძნელია!

“ჰხედავ, ჩემო, ვით გაგვყარნა სოფელმან და ჟამმან კრულმან?

ვეღარ გნახე საყვარელი მხიარული მხიარულმან,

ნეტარ, რა ქმნას უშენომან გულმან, შენგან დალახვრულმან!

გაგიცხადა დამალული გონებამან დაფარულმან.

“შენმან მზემან, აქანამდის შენ ცოცხალი არ მეგონე;

ჩემი მეთქვა: გარდასრულდა სიცოცხლე და ყოვლი ღონე;

აწ რა მესმა, შემოქმედი ვადიდე და ღმერთსა ვჰმონე,

ჩემი ყველა აქანამდის ჭირი ლხინსა შევაწონე.

“შენი სიცოცხლე მეყოფის ჩემად იმედად გულისად,

გულისა ერთობ წყლულისა და ასრე დადაგულისად!

მომიგონებდე, გახსოვდე მე შენთვის დაკარგული სად;

ვზი მზრდელი სიყვარულისა, მის ჩემგან დანერგულისად.

სხვად, ჩემო, ჩემი ამბავი ჩემგან არ მოგეწერების:

ენა დაშვრების, მოსმენით არვისგან დაიჯერების.

ფატმან წამგვარა გრძნეულთა, ღმერთიმცა მას ეტერების!

აწ კვლა ქმნა იგი სოფელმან, რაცა მას შეეფერების.

“აწ სოფელმან უარესი ჭირი ჭირსა მომისართა,

არ დასჯერდა ბედი ჩემი მათ პატიჟთა მრავალ-გვართა,

კვლაცა მიმცა შესაპყრობლად ქაჯთა, ძნელად საომართა;

ბედმან გვიყო ყველაკაი, ჩემო, რაცა დაგვემართა!

“ციხეს ვზი ეზომ მაღალსა, თვალნი ძლივ გარდასწვდებიან,

გზა გვირაბითა შემოვა, მცველნი მუნ ზედა დგებიან,

დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებიან,

მათთა შემბმელთა დახოცენ, მართ ცეცხლად მოედებიან.

“ნუთუ ესენი გეგონნენ სხვათა მებრძოლთა წესითა?!

ნუცა მე მომკლავ ჭირითა, ამისგან უარესითა;

შენ მკვდარსა გნახავ, დავიწვი, ვითა აბედი კვესითა;

მოგშორდი, დამთმე გულითა, კლდისაცა უმაგრესითა!

“შენ, საყვარელო, ნუ სჭმუნავ ჭმუნვითა ამისთანითა,

ჩემი სთქვა: სხვათა მიჰხვდაო იგი ალვისა ტანითა.

არამ სიცოცხლე უშენოდ! ვარ აქამდისცა ნანითა;

ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ, ანუ მოვიკლავ დანითა.

“შენმან მზემან, უშენოსა არვის მიჰხვდეს მთვარე შენი,

შენმან მზემან, ვერვის მიჰხვდეს, მო-ცა-ვიდენ სამნი მზენი!

აქათ თავსა გარდავიქცევ, ახლოს მახლვან დიდნი კლდენი,

სული ჩემი შეივედრე, ზეცით მომხვდენ ნუთუ ფრთენი.

“ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლა დამხსნას სოფლისა შრომასა,

ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა;

მომცნეს ფრთენი და აღვფრინდე, მივჰხვდე მას ჩემსა ნდომასა,

დღისით და ღამით ვჰხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა.

“მზე უშენოდ ვერ იქმნების, რათგან შენ ხარ მისი წილი,

განაღამცა მას ეახელ მისი ეტლი, არ თუ წბილი!

მუნა გნახო, მანდვე გსახო, განმინათლო გული ჩრდილი,

თუ სიცოცხლე მწარე მქონდა, სიკვდილიმცა მქონდა ტკბილი!

“მე სიკვდილი აღარ მიმძიმს, შემოგვედრებ რათგან სულსა,

მაგრა შენი სიყვარული ჩავიტანე, ჩამრჩა გულსა;

მომეგონოს მოშორვება, მემატების წყლული წყლულსა;

ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ, ჩემო, შენთვის დაკარგულსა!

“წადი, ინდოეთს მიჰმართე, არგე რა ჩემსა მშობელსა,

მტერთაგან შეიწრებულსა, ყოვლგნით ხელ-აღუპყრობელსა,

გულსა ალხინე ჩემისა მოშორვებისა მთმობელსა,

მომიგონებდი მტირალსა, შენთვის ცრემლ-შეუშრობელსა!

“რაცა ვიჩივლე ბედისა ჩემისა, კმა საჩივარად;

ცან, სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად.

შენთვის მოვკვდები, გავხდები ყორანთა დასაყივარად,

42
{"b":"715418","o":1}