Литмир - Электронная Библиотека
Содержание  
A
A

დაჰმორჩილდა. გაემართნეს ავთანდილ და ამირბარი;

ვერ მიგია ქება მათი, ვერა ქება საქებარი:

კბილნი - ვითა მარგალიტნი, ბაგე - ვარდი ნაპობარი.

გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.

ამას ეტყვის: “შენთვის დავსდებ გონებასა, სულსა, გულსა,

მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ, ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა;

არას გარგებს სწავლულება, თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა:

არ იხმარებ, რას ხელსა ჰხდი საუნჯესა დაფარულსა?

“არას გარგებს შეჭირვება, რომ სჭმუნვიდე, რა გერგების!

არ თუ იცი, უგანგებოდ არა კაცი არ მოკვდების?

მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭნების.

ბედი, ცდა და... გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მო-ცა-გვხვდების”.

მოახსენა: “ეგე სწავლა ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს, -

გონიერსა მწვრთელი უყვარს, უგუნურსა გულსა ჰგმირდეს, -

მაგრა რა ვქმნა, რაგვარ გავძლო, მეტის-მეტი რა მიმჭირდეს!

შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი, არ მამართლო, არ მიკვირდეს?!

“ცვილსა ცეცხლის სიმხურვალე უგავს, ამად აენთების,

მაგრა წყალსა არსით ახლავს, თუ ჩავარდეს, და-ცა-შრტების;

რაცა ვისცა საქმე თვით სჭირს, სხვათათვისცა ევარგების,

თავიდაღმა რად არ იცი, ჩემი გული რაგვარ დნების!”

მბობა ტარიელისაგან ლომ-ვეფხის დახოცისა

“რა წამეკიდა, ყველაი წვრილად გიამბო ენითა,

მერმეღა გაბრჭევ მართალი მაგა გულითა ბრძენითა;

შენ მოგელოდი, მიმჭირდა მოლოდინითა შენითა,

ქვაბს ვეღარ გავძელ, მინდორთა მოვლა მომინდა ცხენითა.

“იმა ქედსა გარდავადეგ, იგი შამბნი მომეარნეს;

ერთი ლომი, ერთი ვეფხი შეკრბეს, ერთად შეიყარნეს,

ჰგვანდეს რათმე მოყვარულთა, მათი ნახვა გამეხარნეს,

მათ რა უყვეს ერთმანერთსა, გამიკვირდეს, შემეზარნეს.

“ქედსა გარდავდეგ, ლომ-ვეფხნი მოვიდეს ერთგან რებულნი, -

სახედ ვამსგავსე მიჯნურთა, ცეცხლნი დამევსეს დებულნი, -

შეიყარნეს და შეიბნეს, იბრძოდეს გამწარებულნი,

ლომი სდევს, ვეფხი მიურბის, იყვნეს არ ჩემგან ქებულნი.

“პირველ ამოდ ილაღობეს, მერმე მედგრად წაიკიდნეს:

თვითო ტოტი ერთმანერთსა ჰკრეს, სიკვდილსა არ დაჰრიდნეს;

გამოჰრიდა ვეფხმან გული, - დედათამცა გამოჰრიდნეს! -

ლომი მედგრად გაეკიდა, იგი ვერვინ დაამშვიდნეს.

ლომსა დავუგმე ნაქმარი, ვარქვი: «არა ხარ ცნობასა,

შენ საყვარელსა რად აწყენ? ფუ მაგა მამაცობასა!»

ხრმალ-გამოწვდილი მივუხე, მივეც ლახვართა სობასა,

თავსა გარდავჰკარ, მო-ცა-ვკალ, დავჰხსენ სოფლისა თმობასა.

“ხრმალი გავტყორცე, გარდვიჭერ, ვეფხი შევიპყარ ხელითა;

მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა;

მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭალითა სისხლთა მღვრელითა,

ვეღარ გავუძელ, იგიცა მოვკალ გულითა ხელითა.

რაზომსაცა ვამშვიდებდი, ვეფხი ვერა დავამშვიდე,

გავგულისდი, მოვიქნივე, ვჰკარ მიწასა, დავაწყვიდე;

მომეგონა, ოდეს ჩემსა საყვარელსა წავეკიდე;

სული სრულად არ ამომხდეს, რას გიკვირს, რომ ცრემლსა ვჰღვრიდე!

“აჰა, ძმაო, მითხრობია ჭირი ჩემი, რაცა მჭირდა;

სულთა დგმაცა არა მმართებს, ასრე გასლვა რად გიკვირდა!

სიცოცხლესა გავეყარე, სიკვდილიცა დამიძვირდა”.

ესე სიტყვა დაასრულა, ყმამან სულთქნა, ა-ცა-ტირდა.

ავთანდილცა მასთანავე ტიროდა და ცრემლსა ჰღვრიდა;

უთხრა: “დათმე, ნუ მოჰკვდები, გულსა სრულად ნუ დასჭრი და!

ღმერთი მაგას მოწყალეობს, თუცა ჭირმან არ გაგრიდა;

თუმც უნდოდით გასაყრელად, პირველ ერთად არ შეგყრიდა.

“სდევს მიჯნურსა ფათერაკი, საწუთროსა დაანავღლებს,

მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს;

მიჯნურობა საჭიროა, მით სიკვდილსა მიგვაახლებს,

გასწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს”.

ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა

იტირეს და გაემართნეს, ქვაბისაკენ თავნი არნეს;

რა ასმათმან დაინახა, განაღამცა გაეხარნეს!

მოეგება, მოტიროდა, ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს,

აკოცეს და ა-ცა-ტირდეს, კვლა ცნობანი ააჩქარნეს.

ასმათ თქვა: “ღმერთო, რომელი არ ითქმი კაცთა ენითა,

შენ ხარ სავსება ყოველთა, აგვავსებ მზეებრ ფენითა;

გაქო, ვით გაქო, რა გაქო, არ-საქებელო სმენითა!

დიდება შენდა, არ მომკალ ამათთვის ცრემლთა დენითა!”

ტარიელ ეტყვის: “ჰე დაო, მით ცრემლი აქა მდინია,

საწურთო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია.

ძველი წესია სოფლისა, არ ახლად მოსასმინია.

ვა შენი ბრალი, თვარა-და სიკვდილი ჩემი ლხინია!

“სწყუროდეს, წყალსა ვინ დაღვრის კაცი უშმაგო, ცნობილი?

მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს, რად ვარ ცრემლითა ლტობილი!

უწყლოობა ჰკლავს, წყალი სდის, აროდეს არ გახმობილი!

ვა, წარხდა ვარდი პობილი, ვა, მარგალიტი წყობილი!”

ავთანდილსცა მოეგონა მისი მზე და საყვარელი;

იტყვის: “ჩემო, ვით ვეგები მე უშენოდ სულთა მდგმელი?

შენ არ გახლავ, ჩემი ჩემთვის სიცოცხლეა სანანელი,

გითხრამცა ვინ, რა მჭირს, ანუ რა ცეცხლი მწვავს, როგორ ცხელი!

“ვარდი ამას ვით იაზრებს: მზე მომშორდეს, არ დავჭნეო,

ანუ ჩვენ, გლახ, რა გვერგების, რა ჩასვენდეს გორსა მზეო?

გულო, გიჯობს, გაუმაგრდე, თავი სრულად გაიკლდეო,

ნუთუ მოგხვდეს ნახვა მისი, სულთა სრულად ნუ დაჰლეო”.

სული დაიღეს, დადუმდეს, ორთავე ცეცხლი სდებოდა;

ასმათი შეჰყვა, შევიდა, მათებრ სახმილი ჰგზებოდა,

დაუგო ტყავი ვეფხისა, რომელ კვლა მიწყივ ჰგებოდა;

ორნივე დასხდეს, უბნობდეს, რაცა მათ ეამებოდა.

მწვადი შეიწვეს, შეიქმნა პურობა მსგავსი ჟამისა,

მუნ უპურობა პურობა, არ-სიდიადე ჯამისა,

მას წეეხვეწნეს: “ჭამეო”, ძალი არ ჰქონდა ჭამისა,

დაცოხნის, ლუკმა გატყორცის, წონა ძლივ ჩანთქის დრამისა.

ამოა, რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს!

მან გაუგონოს, რაცა თქვას, არ ცუდად წაუხდებოდეს,

ცოტად ეგრეცა დაუვსებს, ცეცხლი რაზომცა სდებოდეს.

დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს.

მას ღამესა ერთგან იყვნეს იგი ლომნი, იგი გმირნი,

იუბნეს და გააცხადნეს თავ-თავისად მათნი ჭირნი.

რა გათენდა, კვლა დაიწყეს საუბარნი სიტყვა-ხშირნი;

ერთმანერთსა გაუგონნეს ფიცნი პირველ დანაპირნი.

ტარიელ ეტყვის: “რად უნდა სიტყვისა თქმა მრავალისა?

რაცა შენ ჩემთვის გიქნია, ღმერთი მზღველია ვალისა;

კმა ზენაარი ზენარად, არ ნაქმარია მთრვალისა,

არ-დავიწყება, მოყვრობა მოყვრისა წარმავალისა.

“აწ შემიხვეწე, ნუ დამწვავ კვლა წვითა უცხელესითა;

მე რომე ცეცხლი მედების, არ ნაგზებია კვესითა.

ვერ დამშრეტ, შენცა დაიწვი სოფლისა ქმნისა წესითა,

წადი, დაბრუნდი, შეიქეც მუნითვე, შენი მზე სით ა.

“ვინ დამბადა, განკურნება ჩემი უჩანს მასცა ძნელად,

ვისცა გესმის, გაიგონეთ, მით გაჭრილვარ ხელი ველად;

რაცა ჰმართებს გონიერთა, ერთხელ ვიყავ მეცა მქმნელად,

აწ ნობათი ხელობისა მომხვდომია, მით ვარ ხელად”.

ავთანდილ ეტყვის: “რა გითხრა პასუხი მაგა თქმულისა?

შენვე სთქვი ეგე სიტყვაო კაცისა ბრძნად სწავლულისა:

ღმერთსამცა ვით არ შეეძლო კვლა განკურნება წყლულისა?

იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულ-დათესულისა!

“ღმერთსამცა ესე რად ექმნა, ეგეთნი დაებადენით,

არღა შეგყარნა, გაგყარნა, ხელი გქმნა ცრემლთა დადენით!

სდევს ფათერაკი მიჯნურსა, განჭვრიტეთ, გაიცადენით,

თქვენ ერთმანერთსა არ მიჰხვდეთ, მე სულნი ამომხადენით!

“ნეტარ, მამაცი სხვა რაა, არ გაძლოს, რაცა ჭირია!

ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია!

ნუ გეშის, ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია,

30
{"b":"715418","o":1}