Литмир - Электронная Библиотека
Содержание  
A
A

შორს არის თქვენი საზღვარი, ბრძანება-მიუთხრობელი.

გაგზავნე კაცი ყოველგან მისთა ამბავთა მცნობელი,

ადრე სცნობ, არის იგი ყმა შობილი, თუ უშობელი”.

მოასხნეს კაცნი, გაგზავნეს ოთხთავე ცისა კიდეთა,

უბრძანეს: “წადით, პატიჟთა თავიმცა რად დაჰრიდეთა?

მონახეთ, ძებნეთ იგი ყმა, სხვად ნურად მოიცლიდეთა,

მისწერეთ წიგნი, სადაცა ვერ მისწვდეთ, ვერ მიხვიდეთა”.

კაცნი წავიდეს, იარეს მათ ერთი წელიწადია,

მონახეს, ძებნეს იგი ყმა, იკითხეს კვლა და კვლა დია,

ვერ ნახეს მისი მნახავი ღმრთისაგან დანაბადია,

ცუდად მაშვრალნი მოვიდეს, მათსავე გულსა ზადია.

მონათა ჰკადრეს: “მეფეო, ჩვენ ხმელნი მოვიარენით,

მაგრა ვერ ვპოვეთ იგი ყმა, მით ვერა გავიხარენით,

მისსა მნახავსა სულ-დგმულსა კაცსა ვერ შევეყარენით,

ჩვენ ვერა გარგეთ, საქმენი სხვანი რამ მოიგვარენით”.

მეფე ბრძანებს: “მართალ იყო ასული და ჩემი ძეო,

ვნახე რამე ეშმაკისა სიცრუვე და სიბილწეო,

ჩემად მტერად წამოსრული, გარდმოჭრილი ზეცით ზეო.

გამიშვია შეჭირვება, არა მგამა ყოლა მეო”.

ესე თქვა და სიხარულით თამაშობა ადიადა.

მგოსანი და მოშაითი უხმეს, პოვეს რაცა სადა.

დია გასცა საბოძვარი, ყველა დარბაზს შემოხადა.

მისი მსგავსი სიუხვითა ღმერთმან სხვამცა რა დაჰბადა!

თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად

ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს, ეცვა ოდენ მართ პერანგი,

იმღერდა და იხარებდა, წინა ედგა ერთი ჩანგი.

შემოვიდა მას წინაშე თინათინის მონა ზანგი,

მოახსენა: “გიბრძანებსო ტანი ალვა, პირი მანგი”.

ავთანდილს მიჰხვდა მოსმენა საქმისა სანატრელისა,

ადგა და კაბა ჩაიცვა, მჯობი ყოვლისა ჭრელისა;

უხარის შეყრა ვარდისა, არ ერთგან შეუყრელისა.

ამოა ჭვრეტა ტურფისა, სიახლე საყვარელისა!

ავთანდილ ლაღი, უკადრი მივა, არვისგან ჰრცხვენოდა,

მას ნახავს, ვისთა ვამთაგან ცრემლი მრავალჯერ სდენოდა;

იგი უებრო ქუშად ჯდა, ელვისა მსგავსად შვენოდა,

მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაჰფენოდა.

გაძრცვილსა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი,

ებურნეს მოშლით რიდენი, ფასისა თქმად საჭირონი,

ჰშვენოდეს შავნი წამწამნი, გულისა გასაგმირონი,

მას თეთრსა ყელსა ეხვივნეს გრძლად თმანი არ-უხშირონი.

დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა,

ავთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად, ცნობითა მშვიდითა.

მონამან სელნი დაუდგნა, დაჯდა კრძალვით და რიდითა.

პირის-პირ პირსა უჭვრეტდა, სავსე ლხინითა დიდითა.

ქალმა უბრძანა: “ზარი მლევს მე ამისისა თხრობისა;

მწადდა არა-თქმა, რომლისა ღონე არა მაქვს თმობისა,

მაგრა იცია მიზეზი შენისა აქა ხმობისა,

რად ვზი ქუშად და დაღრეჯით ასრე მიხდილი ცნობისა?”

ყმამან ჰკადრა: “საზაროსა ჩემგან თქმაღა ვით იქმნების?

მზესა მთვარე შეეყაროს, დაილევის, და-ცა-ჭნების;

აზრად არად აღარა მცალს, თავი ჩემი მეგონების,

თქვენვე ბრძანეთ, რაცა გიმძიმს, ანუ რაცა გეკურნების”.

ქალმან უთხრა საუბარი კეკლუც-სიტყვად, არ დუხჭირად;

იტყვის: “თუცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად,

გიკვირს, მოგხვდა წამის ყოფით საქმე შენგან საეჭვი რად,

მაგრა გითხრა პირველ ხვალმე, სენი მე მჭირს რაცა ჭირად.

“გახსოვს, ოდეს შენ და როსტანს მინდორს მხეცი დაგეხოცა,

ყმა გენახა უცხო ვინმე, რომე ცრემლი მოეხოცა?

მას უკანით გონებამან მისმან ასრე დამამხოცა,

შენ გენუკვი მონახვასა, კიდით კიდე მოჰლახო ცა.

“აქანამდის ნაუბარსა თუცა ვერას ვერ გეტყვია,

მაგრა შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყვია,

ვიცი, რომე გაუწყვედლად თვალთათ ცრემლი გისეტყვია,

შეუპყრიხარ სიყვარულსა, გული შენი დაუტყვია.

“ასრე გითხრა, სამსახური ჩემი გმართებს ამად ორად:

პირველ, ყმა ხარ, ხორციელი არვინა გვყავს შენად სწორად,

მერმე, ჩემი მიჯნური ხარ, დასტურია, არ ნაჭორად;

წადი, იგი მოყმე ძებნე, ახლოს იყოს, თუნდა შორად.

“შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე,

რომე დამხსნა შეჭირვება, ეშმა ბილწი ასაპყარე.

გულსა გარე საიმედო ია მორგე, ვარდი ყარე,

მერმე მოდი, ლომო, მზესა შეგეყრები, შემეყარე.

“სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებარი;

ჰპოვო, მოდი გამარჯვებით, მხიარულად მოუბარი;

ვერა ჰპოვებ, დავიჯერებ, იყო თურე უჩინარი;

კოკობი და დაუფრჭვნელი ვარდი დაგხვდე დაუმჭნარი.

“ფიცით გითხრობ: შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი,

მზეცა მომხვდეს ხორციელი, ჩემთვის კაცად შენაქმარი,

სრულად მოვსწყდე სამოთხესა, ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი,

შენი მკლვიდეს სიყვარული, გულსა დანა ასაქმარი”.

მოახსენა ყმამან: “მზეო, ვინ გიშერი აწამწამე,

სხვა პასუხი რამცა გკადრე, ანუ რამცა შევიწამე?

მე სიკვდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე გამიწამე,

ვითა მონა, სამსახურად გაღანამცა წავე, წა, მე!”

კვლაცა ჰკადრა: “აჰა, მზეო, რათგან ღმერთმან მზედ დაგბადა,

მით გმორჩილობს, ზეციერი მნათობია რაცა სადა;

მე რომ თქვენგან მოვისმინენ წყალობანი, მედიადა.

ვარდი ჩემი არ დაჭნების, შუქი შენი იეფად ა”.

კვლა შეჰფიცეს ერთმანერთსა, დააპირეს ესე პირი,

გასალდეს და გაამრავლეს საუბარი სიტყვა-ხშირი.

გაადვილდა, აქანამდის გარდეხადა რაცა ჭირი,

თეთრთა კბილთათ გამოჰკრთების თეთრი ელვა ვითა ჭვირი.

ერთგან დასხდეს, ილაღობეს, საუბარი ასად აგეს,

ბროლ-ბადახში შეხვეული და გიშერი ასადაგეს;

ყმა ეტყვის, თუ: “შენთა მჭვრეტთა თავი ხელი, ა, სად აგეს!

ცეცხლთა, მანდით მოდებულთა, გული ჩემი ასადაგეს”.

ყმა წავიდა, სიშორესა თუცა მისსა ვერ გასძლებდა,

უკუღმავე იხედვიდა, თვალთა რეტად აყოლებდა,

ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა,

გული ჰქონდა გულისათვის, სიყვარულსა ავალებდა.

თქვა: “მზეო, ვარდსა სიშორე შენი დამაჩნდეს ეს ადრე,

ბროლი და ლალი გასრულვარ ქარვისა უყვითლესად-რე.

მაშინ რაღა ვქმნა, ვერ-ჭვრეტა რა მომხვდეს კვლა უგრძესად-რე!

ხამს მოყვრისათვის სიკვდილი, ესე მე დამიც წესად-რე”.

საწოლს დაწვა, ტირს, მტირალსა ცრემლი ძნელად ეხოცების,

ვითა ვერხვი ქარისაგან, ირხევის და იკეცების;

რა მიჰლულნის, სიახლევე საყვარლისა ეოცების,

შეკრთის, დიდნი დაიზახნის, მით პატიჟი ეოცების.

მოშორვება საყვარლისა მას შეჰქმნოდა მისად ღაზოდ,

ცრემლსა ვითა მარგალიტსა ჰყრის ვარდისა დასანაზოდ.

რა გათენდა, შეეკაზმა მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ,

ცხენსა შეჯდა, გაემართა, დარბაზს მივა სადარბაზოდ.

დარბაზს ეჯიბი შეგზავნა, მართ მისგან შენარონია,

შესთვალა: “გკადრებ, მეფეო, მე ესე გამიგონია:

ყოველი პირი მიწისა თქვენ ხრმლითა დაგიმონია,

აწ თუ სჯობს, ესე ამბავი ცნან, რაცა გარემონია.

“მე წავიდე, მოვიარო, ვილაშქრო და ვინაპირო,

თინათინის ხელმწიფობა მტერთა თქვენთა გულსა ვჰგმირო,

მორჩილ-ქმნილი გავახარო, ურჩი ყოვლი ავატირო,

ძღვენნი გკადრნე ზედა-ზედა, არ სალამი დავაძვირო”.

მეფესა ეთქვა ამისი დიადი მადრიელობა,

ებრძანა: “ლომო, არა გჭირს შენ ომთა გარდუხდელობა,

აწ მაგა შენსა თათბირსა ჰგავსო შენივე ქველობა.

წა, მაგრა მომხვდეს, რაღა ვქმნა, თუ სიშორისა გრძელობა!”

ყმა შევიდა, თაყვანის-სცა, მადლი რამე მოახსენა:

“ხელმწიფეო, მიკვირს, ქება რად იკადრეთ ჩემი თქვენა?!

აწ ნუთუმცა კვლა ნახვითა ღმერთმან ბნელი გამითენა,

პირი თქვენი მხიარული მხიარულსა კვლა მიჩვენა!”.

მეფე ყელსა მოეკიდა, გარდაკოცნა ვითა შვილი.

სხვა მათებრი არ ყოფილა არ გამზრდელი, არ გაზრდილი!

5
{"b":"715418","o":1}