Литмир - Электронная Библиотека
ЛитМир: бестселлеры месяца
Содержание  
A
A

სუფევითმცა ხართ თავითა, მტერთაგან საკრძალველითა!”

მისცა ანდერძი შერმადინს, რა გაათავა წერითა,

უთხრა: “ჰკადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა,

შენ დაგამეტებს ვერავინ მსახურებითა ვერითა”.

მოეხვია და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა.

ლოცვა ავთანდილისა

ილოცავს, იტყვის: “მაღალო ღმერთო, ხმელთა და ცათაო,

ზოგჯერ მომცემო პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათაო,

უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო,

მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულის-თქმათაო!

“ღმერთო, ღმერთო, გეაჯები, რომელი ჰფლობ ქვენათ ზესა,

შენ დაჰბადე მიჯნურობა, შენ აწესებ მისსა წესსა,

მე სოფელმან მომაშორვა უკეთესსა ჩემსა მზესა,

ნუ აღმოჰფხვრი სიყვარულსა, მისგან ჩემთვის დანათესსა!

“ღმერთო, ღმერთო, მოწყალეო, არვინ მივის შენგან კიდე,

შენგან ვითხოვ შეწევნასა, რაზომსაცა გზასა ვვლიდე:

მტერთა ძლევა, ზღვათა ღელვა, ღამით მავნე განმარიდე!

თუღა დავრჩე, გმსახურებდე, შენდა მსხვერპლსა შევსწირვიდე”.

რა ილოცა, ცხენსა შეჯდა, მალვით კარნი გაიარნა,

შერმადინცა დააბრუნა, საბრალომან ცრემლნი ღვარნა;

მონა ტირს და მკერდსა იცემს, სისხლმან მისმან კლდენი ღარნა;

პატრონისა ვერა-მჭვრეტმან ყმამან რამცა გაიხარნა!

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა

აწ ამბავი სხვა დავიწყო, ყმასა წავჰყვე წამავალსა.

არ შეექმნა დარბაზობა მას დღე როსტანს გულ-გამწყრალსა;

რა გათენდა, ქუში ადგა, ჰგავს, თუ ადენს პირით ალსა,

ხმობა ბრძანა ვაზირისა, მიიყვანდეს შიშით მკრთალსა.

რა ვაზირი მოწიწებით დარბაზს ნახა შემოსრული,

როსტან უთხრა: “არა მახსოვს გუშინდელი შენგან თქმული

მაწყინე და გამარისხე, ვერ დავიღე დიდხანს სული,

აზომ რომე გაგათრივე შენ, ვაზირი გულის-გული.

“თუღა გახსოვს, რა უნდოდა, ისრე ავად რად გაგხადე?

მართლად უთქვამს მეცნიერთა: «წყენააო ჭირთა ბადე»;

ესეგვარსა ნუოდეს იქმ, საქმე ხოლე გაიცადე,

აწ მითხარ, თუ რას იტყოდი, თქვი და სიტყვა გააკვლადე”.

კვლა მოახსენა ვაზირმან სიტყვა ნაგუშინდელევი,

რა გაიგონა, შესთვალა პასუხი არ-ნაგრძელევი:

“შენ თუ უშმაგო მგონიხარ, ვარმცა ურია მე ლევი!

კვლა ამის მეტად ნუ მასმენ, თვარა მე სრულად გელევი!”

რა გამოვიდა, ვაზირმან ძებნა, ვერ პოვნა მინანი,

მართ გაპარვასა უთხრობდეს მონანი, ცრემლთა მდინანი.

მან თქვა: “მე დარბაზს ვერ შევალ, მახსოვან დღენი წინანი,

ვინცაღა ჰკადრებს, მან ჰკადროს; რაცა ვთქვი, მისცა ვინანი”.

რა ვაზირი არ შევიდა, კვლა მეფემან კაცი გზავნის;

კაცმან ცნის და გარეთ დადგის, წასლვა ვერვინ გაამჟღავნის;

როსტანს ეჭვი შეუვიდა, ჭმუნვა ამით გაათავნის;

თქვა: “უცილოდ გაიპარა, ვინ მარტომან ასთა ავნის”.

თავ-დადრეკით იგონებდა, გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი,

უში ქმნა და აიხედნა, უბრძანებდა მონას: “მიდი,

მოვიდეს და აწ მიამბოს, შემოვიდეს იგი ფლიდი!”

რა ვაზირი შემობრუნდა, ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი.

კვლა შევა დარბაზს ვაზირი დაღრეჯით, არ მხიარულად;

მეფემან ჰკითხა: “წასრულა მზე დაუდგრომლად, მთვარულად?”

მან მოახსენა ყოველი, ვით წასრულიყო ფარულად:

“მზე აღარ მზეობს ჩვენთანა, დარი არ დარობს დარულად!”

რა მეფემან მოისმინა, დაიზახნა მეტის-მეტნი;

მოთქვამს, იტყვის: “ვა, გაზრდილო, ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი! -

პირსა ხოკით, წვერსა გლეჯით გააკვირვნა მისნი მჭვრეტნი, -

სად წაჰხე და სად დაჰკარგენ სინათლისა ეგე სვეტნი?!

“თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები,

მაგრა მე რა ვქმნა, გაზრდილო, აწ სახლად მმართებს სენები!

გამაღარიბე, დამაგდე, გულსა, გლახ, ვისთვის ენები,

შენად შეყრამდის პატიჟთა ჩემთა ვერ იტყვის ენები!

“ოდეს გნახავ მხიარულსა, ნადირობით შემოსრულსა?

ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა, ტანსა მჭევრსა, ჯავარ-სრულსა,

ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა, სასმენელად მე მას რულსა,

აწ უშენოდ რაღა ვუყო საჯდომსა და სრასა სრულსა?

“ვიცი, არ მოგკლავს შიმშილი, რაზომმცა დია ირები:

შენ შენი მშვილდი დაგარჩენს, შენთა ისართა პირები,

ნუთუ კვლა ღმერთმან წყალობით გაგიადვილოს ჭირები,

მაგრა, თუ მოვკვდე, გაზრდილო, ვისგანღა დავიტირები?”

ზარი გაისმა, შემოკრბა ჯარი მრავალი კაცისა,

დარბაზს ხასთაგან ჯარია ხელითა წვერთა ტაცისა,

იგლეჯს და იცემს ყველაი, ხმა ისმის თავსა ტკაცისა;

თქვეს: “ბნელი გვმართებს დღე-კრულთა, რათგან მზე მიგვიდრკა ცისა!”

რა მეფემან დიდებულნი ნახნა, სულთქმით შემოსტირნა,

უთხრა: “ჰხედავთ, მზემან ჩვენმან შუქნი სრულად დაგვიძვირნა!

რა ვაწყინეთ, რა შევსცოდეთ, რად დაგვყარნა, რად გაგვწირნა,

სპანი, მისგან დაჭირულნი, ვინმცაღა ვით დაგვიჭირნა?”

ყოვლნი ტიროდეს, მოთქმიდეს, მერმე დაწყნარდეს გვიანად.

მეფემან ბრძანა: “იკითხეთ, მარტოა, ანუ ყმიანად?”

მოვიდა მონა შერმადინ მოშიშრად, სირცხვილიანად,

ანდერძი ჰკადრა, ატირდა, სიცოცხლე უჩნდა ზიანად.

მოახსენა: “საწოლს ვპოვე ესე მისგან დანაწერი;

დგეს მონანი ნატირებნი, დაეგლიჯა თმა და წვერი;

იგი მარტო გაპარულა, ყმა არ ახლავს, არცა ბერი.

მე თუ მომკლავთ, მემართლებით, სიცოცხლე მჭირს შეუფერი!”

რა ანდერძი წაიკითხეს, კვლა იტირეს დიდი ხანი;

მერმე ბრძანა: “მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი,

ვამლოცველნეთ დავრდომილნი, ობოლნი და ქვრივნი სხვანი,

შევეწივნეთ, მშვიდობისა ნუთუ ღმერთმან მისცნეს გზანი!”

წასლვა ავთანდილისაგან ტარიელის შეყრად მეორედ

მთვარე მზესა მოეშორვოს, მოშორვება განანათლებს,

რა ეახლოს, შუქი დასწვავს, გაეყრების, ვერ იახლებს,

მაგრა ვარდსა უმზეობა გაახმობს და ფერსა აკლებს,

ჩვენ ვერ-ჭვრეტა საყვარლისა ჭირსა ძველსა გაგვიახლებს.

აწყა დავიწყებ ამბავსა, მის ყმისა წამავლობასა:

მივა და მიტირს გულ-მდუღრად, ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა,

წამ-წამ მობრუნდის, იაჯდის მისთვის მზისავე მზობასა,

უჭვრეტდის, თვალი ვერ მოჰხსნის, თუ მოჰხსნის, მიჰხდის ცნობასა.

რა მიეახლის დაბნედად, ვერ ხელ-ჰყვის დაძრვად ენისად,

მაგრა სდის ცრემლი თვალთაგან მსგავსად დიჯლისა დენისად,

ზოგჯერ დაბრუნდის, იჭვრეტდის ღონედ პატიჟთა თმენისად,

რა გაემართის, არ იცის, მას თუ არბევდის ცხენი სად.

თქვა: “ჩემო, შენი შორს-მყოფი კრულია, ვინცა დადუმდეს,

რათგან შენ დაგრჩა გონება, გული შენკენვე დაბრუნდეს,

თვალთა მტირალთა შეხედვა შენივე სწადდეს და უნდეს.

სჯობს, საყვარელსა მოყვარე რაზომც არ დაუძაბუნდეს!

“მე რა ვქმნა შენად შეყრამდის, ანუ რას მეჭვდე ლხენასა?

თავსა მოვიკლავ, მე თუცა შენგან არ ვეჭვდე წყენასა,

მაგრა შენ გაწყენ ჩემისა არ-სიცოცხლისა სმენასა,

მოდი და მივსცნე ცოცხალმან თვალნი ცრემლისა დენასა!”

ტირს, იტყვის: “დადვა კეშანი ლახვარმან ჩემთვის ათმანო;

ინდოთა რაზმი ჩემად კლვად თქვა, ესე ტევრი ვთხზა თმანო.

თვალთა გიშერი აშვენებს, სათმან რად მომკლა, სათმანო!

ბაგე-კბილო და თვალ-წარბო, მომცემდი პატიჟთა, თმანო!”

იტყვის: “ჰე მზეო, ვინ ხატად გთქვეს მზიანისა ღამისად,

ერთ-არსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად,

ვის გმორჩილობენ ციერნი ერთის იოტის წამისად,

ბედსა ნუ მიცვლი, მიაჯე, შეყრამდის ჩემად და მისად!

“ვის ხატად ღმრთისად გიტყვიან ფილოსოფოსნი წინანი,

შენ მიშველე რა ტყვე-ქმნილსა, ჯაჭვნი მაბიან, რკინანი!

ბროლ-ბადახშისა მძებნელმან სათნი დავკარგენ, მინანი;

მაშინ ვერ გავძელ სიახლე, აწ სიშორესა ვინანი”.

27
{"b":"715418","o":1}
ЛитМир: бестселлеры месяца