Литмир - Электронная Библиотека
Содержание  
A
A

მან არა გასცა პასუხი პირითა, მზისა დარითა;

თავ-მოდრეკილი დაღრეჯით ქვე ზის ცნობითა წყნარითა.

“არ ისმენდა მეფისასა, რასა გინდა უბრძანებდა,

სხვაგან იყო გული მისი, სხვასა რასმე იგონებდა;

ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აღებდა,

მჭვრეტნი მისნი გააკვირვნა, რასამცა ვინ იაზრებდა!

“მეფე ბრძანებს: “რა შევიგნათ, გული ჩვენი რით იხსნების?

ამა ორთა კიდეგანთა აზრი არა არ იქმნების:

ან ვისიმე მიჯნურია, სიყვარული ეგონების,

მისგან კიდე არვისად სცალს, არცაღა ვის ეუბნების.

«ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი,

არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედა-ზედი;

ვით ზღაპარი, ასრე ესმის უბედობა, თუნდა ბედი,

სხვაგან არის, სხვაგან ფრინავს, გონება უც ვითა ტრედი.

«ღმერთმან ქმნას, შინა მოვიდეს ძე ჩემი გამარჯვებული,

მე დავახვედრო ესე მზე, და-, მისთვის დამზადებული;

მან ათქმევინოს ნუთუ რა, ჩვენცა ვცნათ გაცხადებული,

მუნამდის მთვარე შუქ-კრთომით ჯდეს, მზისა მოშორვებული».

“ხელმწიფისა შვილსა გითხრობ კარგსა ყმასა, გულოვანსა,

უებროსა ზნედ და თვალად, შვენიერსა პირსა, ტანსა;

მაშინ ლაშქარს წასრულ იყო, მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა,

მამა მისთვის ამზადებდა მას, მნათობთა დასაგვანსა.

“მოიღეს, ტანსა ჩააცვეს შესამოსელი ქალისა,

მას ზედა შუქი მრავალი ჩნდა მნათობისა თვალისა,

დაადგეს თავსა გვირგვინი ერთობილისა ლალისა,

მუნ ვარდსა ფერი აშვენებს ბროლისა გამჭვირვალისა.

“მეფემან ბრძანა: «მოკაზმეთ საწოლი უფლის-წულისა!»

დაუდგეს ტახტი ოქროსა, წითლისა მაღრიბულისა;

ადგა თვით დიდი ხელმწიფე, პატრონი სრისა სრულისა,

მას ზედა დასვა იგი მზე, ლხინი მჭვრეტელთა გულისა.

“უბრძანა ცხრათა ხადუმთა დადგომა მცველად კარისად;

ხელმწიფე დაჯდა ნადიმად, მსგავსად მათისა გვარისად;

უბოძა უსენს უზომო მუქფად მის მზისა დარისად.

სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა მოსამატებლად ზარისად.

“გააგრძელეს ნადიმობა, სმა შეიქმნა მეტად გრძელი,

ქალი პირ-მზე ბედსა ეტყვის: «რა ბედი მიც ჩემი მკლველი!

სადაური სად მოსრულ ვარ, ვის მივჰხვდები, ვისთვის ხელი,

რა ვქმნა, რა ვყო, რა მერგების, სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი!»

“კვლაცა იტყვის: «ნუ დავაჭნობ შვენებასა ვარდთა ფერსა,

ვეცადო რას, ნუთუ ღმერთმან მომარიოს ჩემსა მტერსა!

სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა?

რა მისჭირდეს, მაშინ უნდან გონებანი გონიერსა!»

“ხადუმნი უხმნა, უბრძანა: «ისმინეთ, მოდით ცნობასა!

მოღორებულხართ, დამცთარხართ თქვენ ჩემსა პატრონობასა,

დამცთარა თქვენი პატრონი, ჩემსა თუ ლამის სძლობასა,

ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა ცუდად, გლახ, იცემს, ნობასა.

«არ ვარგ ვარ თქვენად დედოფლად, ჩემი გზა კიდეგანია;

მაშოროს ღმერთმან მამაცი, პირად მზე, სარო-ტანია!

სხვასა რას მნუკევთ საქმესა, ჩემნი საქმენი სხვანია,

თქვენთანა ჩემი სიცოცხლე არ ჩემი შესაგვანია.

«უცილოდ თავსა მოვიკლავ, გულსა დავიცემ დანასა,

თქვენ დაგხოცს თქვენი პატრონი, სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა;

ესე სჯობს: მოგცე საჭურჭლე, მძიმე მარტყია ტანასა,

მე გამაპარეთ, გამიშვით, თვარა დაიწყებთ ნანასა».

“შემოიხსნა მარგალიტი, შემოერტყა რაცა თვალი,

მოიხადა გვირგვინიცა გამჭვირვალი, ერთობ ლალი;

მისცა, უთხრა: «გამომიღეთ, გეაჯები გულ-მხურვალი,

მე გამიშვით, ღმერთსა თქვენსა მიავალეთ დიდი ვალი».

“მონათა მიჰხვდა სიხარბე მის საჭურჭლისა ძვირისა,

დაჰვიწყდა შიში მეფისა, ვითა ერთისა გზირისა,

გამოპარება დაასკვნეს მის უებროსა პირისა.

ნახე, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა!

“ვა, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა,

დღედ სიკვდილამდის სიხარბე შეაქმნევს კბილთა ღრჭენასა:

შესდის და გასდის, აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა,

კვლა აქა სულსა დაუბამს, დაუშლის აღმაფრენასა.

“რა ხადუმთა აუსრულეს საქმე მისი საწადელი,

ერთმან ტანსა აიხადა, მისცა მისი ჩასაცმელი,

სხვანი კარნი გამოარნეს, იჯრებოდა დარბაზს მსმელი.

დარჩა მთვარე გავსებული გველისაგან ჩაუნთქმელი.

მონანიცა გარდიხვეწნეს, გაიპარნეს მასვე თანა.

ქალმან კარსა დამირეკა, ფატმანობა ჩემი ბრძანა.

გავე, ვიცან, მოვეხვიე, გამიკვირდა მეცა განა!

შინა ყოლა არ შემომყვა: «რად მაწვეო», შემანანა.

“მიბრძანა: «თავი ვიყიდე მოცემულითა შენითა,

მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს მოწყალებითა ზენითა!

ვეღარ დამმალავ, გამიშვი, ფიცხლად გამგზავნე ცხენითა,

ვირემდის ცნობდეს ხელმწიფე, კაცსა მომწევდეს რბენითა».

“შევე ფიცხლად საჯინიბოს, ავხსენ ცხენი უკეთესი,

შევუკაზმე, ზედა შევსვი მხიარული, არ-მოკვნესი;

ჰგვანდა, ოდეს ლომსა შეჯდეს მზე, მნათობთა უკეთესი.

წახდა ჩემი ჭირნახული, ვერ მოვიმკი, რაცა ვსთესი.

“დღე მიიყარა, ხმა გახდა, მოვიდა მისი მდევარი,

მოიცვეს შიგა ქალაქი, შეიქმნა მოსაწევარი;

მე მკითხეს, ვარქვი: «თუ ჰპოვოთ მუნ სახლსა, სადა მე ვარი,

მეფეთა ვიყო შემცოდე და მათთა სისხლთა მზღვევარი!»

“მონახეს, ვერა შეიგნეს, შეიქცეს დაწბილებულნი,

მას აქათ იგლოვს ხელმწიფე და ყოვლნი მისნი ხლებულნი.

დახედენ დარბაზის ერთა, შევლენ ისფრითა ღებულნი.

მზე მოგვეშორვა, მას აქათ ჩვენ ვართ სინათლე-კლებულნი.

“მის მთვარისა სადაობა კვლა გიამბო, საქმე კვლაცი;

აწ უწინა ესე გითხრა, რას მექადდა ისი კაცი:

მე, გლახ, ვიყავ მისი ნეზვი, იგი იყო ჩემი ვაცი.

კაცსა დასვრის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი.

“მით არ ჯერ ვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალად ნასი.

ისი კაცი ჭაშნაგირი დარბაზს იყო მეტად ხასი;

ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი, არ მაცვია თუცა ფლასი,

ნეტარძი ვინ სისხლი მისი შემახვრიტა ერთი თასი!

“ესე ამბავი მასთანა ვთქვი დიაცურად, ხელურად:

ჩემსავე მოსლვა მის მზისა და გაპარება მელურად.

გამჟღავნებასა მექადდა არ მოყვარულად, მტერულად,

აწ ისრე მკვდარსა ვიგონებ, იშ, თავი ვიხსენ მე რულად!

“დამექადის, რაზომჯერცა წავიკიდნით თავის წინა.

ოდეს მეხმე, არ მეგონა მე იმისი ყოფა შინა;

მოსრულიყო, მოსლვა ეთქვა; შენცა მოხვე, შემეშინა,

ამად გკადრე: «ნუ მოხვალო», მოგაგებე მონა წინა.

“აღარ დაჰბრუნდით, მოხვედით, შუქნი თქვენ ჩემთვის არენით;

შეიყარენით ორნივე, ჩემზედა დაიჯარენით;

ამად შევშინდი, ღონენი ვეღარა მოვაგვარენით,

იმას, გლახ, ჩემი სიკვდილი გულითა სწადდა, არ ენით.

“თუმცა ისი არ მოგეკლა, მისრულიყო დარბაზს ვითა,

შემასმენდა ჯავრიანი, გული ედვა ცეცხლებრ წვითა;

მეფე მწყრალი გარდასწმედდა სახლსა ჩემსა გარდაგვითა,

შვილთა, ღმერთო, დამაჭმევდა, დამქოლვიდა მერმე ქვითა!

“მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს! - მადლსა გკადრებდე მე რასა, -

რომელმან დამხსენ მშვიდობით იმა გველისა მზერასა!

აწ ამას იქით ვნატრიდე ჩემსა ეტლსა და წერასა,

აღარ ვიშიშვი სიკვდილსა, ჰაი, ჩავიჭერ მე რასა!”

ავთანდილ უთხრა: “ნუ გეშის, წიგნსაცა აგრე სწერია:

მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია;

არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია.

ნუღარ იშიშვი იმისგან, აწ იგი მკვდართა ფერია.

“იგივე მითხარ, მას აქათ, ქალი გაჰგზავნე შენ ოდეს,

რაცაღა გეცნას ამბავი, ანუ რა მისი გსმენოდეს”.

კვლა იტყვის ფატმან ტირილით, კვლა თვალთა ცრემლი სდენოდეს:

“ვა, წახდეს შუქნი, რომელნი მზისაებრ ველთა ჰფენოდეს!”

ამბავი ნესტან-დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა. ფატმანისაგან მბობა ავთანდილთანა

39
{"b":"715418","o":1}