Литмир - Электронная Библиотека
Содержание  
A
A

ვა, საწუთროო, სიცრუვით თავი სატანას ადარე!

შენი ვერავინ ვერა ცნას, შენი სიმუხთლე სად არე;

პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ჰყავ, სად არე?

მით ვხედავ, ბოლოდ სოფელსა ოხრად ჩანს ყოვლი, სად არე!

ფატმან იტყვის: “მომეშორვა მზე, მნათობი სრულად ხმელთა,

სიცოცხლე და სულ-დგმულობა, მონაგები ჩემთა ხელთა;

მას უკანით გაუწყვედლად დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა,

ვერ გავახმე წყარო ცრემლთა, თვალთა ჩემთა გადმომღვრელთა.

“სახლი და შვილი მომძულდა, ვჯდი უგულოთა გულითა,

მას ვიგონებდი მღვიძარე, რა მიმეძინის ლულითა;

უსენ, გამტეხი ფიცისა, მიჩნს უსჯულოთა სჯულითა,

ვერ მიმიახლოს საახლოდ კრულმან პირითა კრულითა.

“დღესა ერთსა, საღამო-ჟამ, - ჩასლვა იყო ოდენ მზისა, -

წავდეგ წინა დარაჯაგთა, კარი მიჩნდა ხანაგისა;

ვიგონებდი, სევდა მკლვიდა მისისავე გონებისა,

ვთქვი: «კრულია ზენაარი ყოვლისავე მამაცისა».

“მოვიდა სითმე ღარიბი მონა მოყვსითა სამითა,

მონა მონურად მოსილი, სხვანი მგზავრულად ხამითა;

სასმელ-საჭმელი მოიღეს, ქალაქს ნასყიდი დრამითა,

სმიდეს, ჭამდეს და უბნობდეს, სხდეს მხიარულნი ამითა.

“მე ვუყურებდი, ვუჭვრეტდი; თქვეს: «ამოდ გავიხარენით,

მაგრა ჩვენ აქა მოყვასნი უცხონი შევიყარენით,

არცა რა ვიცით, ვინ ვინ ვართ, ანუ სით მოვიარენით,

ხამს, ერთმანერთსა ამბავი ჩვენიცა ვუთხრათ ბარ ენით».

“მათ სხვათა მათი ამბავი თქვეს, ვითა მგზავრთა წესია;

მონამან უთხრა: «ჰე ძმანო, განგება რამე ზესია:

მე მარგალიტსა მოგიმკი, თქვენ ქვრიმი დაგითესია,

ჩემი ამბავი ამბავთა თქვენთაგან უკეთესია.

«მე ვარო მონა მეფისა მაღლისა, ქაჯთა მფლობლისა;

მათ მიჰხვდა ცემა სენისა, მათისა დამამხობლისა:

მოგვიკვდა შემწე ქვრივისა, შემწყნარებელი ობლისა,

აწ შვილთა მისთა და მისი ზრდის, უკეთესი მშობლისა.

«დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე, ვითა ლოდია,

ვისცა არ დაჰკოდს, ყმა მისი ვერავის დაუკოდია;

მას უსხენ წვრილნი ძმის-წულნი: როსან და ერთი როდია, -

აწ იგი ქაჯეთს ხელმწიფედ ქვე ზის, მორჭმული სწოდია.

«გვესმა ამბავი, ზღვათ იქით სიკვდილი დისა მათისა,

შეიჭირვებდეს ვაზირნი, დაშალეს ქმნა ხალვათისა,

ვითა ვჰკადროთო დავსება პირისა, ხმელთა მნათისა?!

როშაქ მონაა, თავადი მონისა ბევრ-ათასისა.

«როშაქ ბრძანა: «მო-მცა -ვინ -მკლავს, მე ტირილსა არ დავჰხვდები.

მინდორს წავალ, ვიმეკობრებ, ალაფითა ავივსები,

შინა მოვალ შოებული, ადრე ზედა მოვესწრები,

მეფე დისა დატირებად წავიდოდეს, წა-ცა-ვჰყვები».

«გვითხრა მისთა ხელისათა: «წავალ, თანა წამომყევით!»

წაგვიტანა მონა ასი, ყველაკაი მისგან რჩევით.

დღისით, მზისით ვმეკობრობდით, ღამეთაცა ვიყვნით თევით;

დია ვლეწეთ ქარავანი, ლარი ჩვენკე გარდმოვდევით.

«მინდორ-მინდორ მოვდიოდით ჩვენ ღამესა დია ბნელსა,

დიდნი რამე სინათლენი გამოგვიჩნდეს შუა ველსა;

ვთქვით, თუ: მზეა ნუთუ ზეცით ჩამოჭრილი ზედა ხმელსა!

დაბნეულნი მივეცენით გონებასა ჩვენსა მსჯელსა.

«ზოგთა ვთქვით: არის ცისკარი; ზოგთა თქვეს: არის მთვარეო;

მას დარაზმულთა მივჰმართეთ, ახლოსმცა ვნახეთ ბარეო!

შორს მოვუარეთ, მივედით, შემოვადეგით გარეო;

მით ნათლიდაღმა გამოხდა ხმა, ჩვენი მოუბარეო.

«გვითხრა: «ვინ ხართ, ცხენოსანნო? თქვენ სახელნი თქვენნი თქვენით;

გულანშაროთ მოციქული ქაჯეთს მივალ, მერიდენით!»

ესე გვესმა, მოვადეგით, ალყად გარე მოვერტყენით,

პირ-მზე რამე ცხენოსანი გავიცადეთ თვალით ჩვენით.

«ვუჭვრიტეთ პირსა მნათობსა, ელვათა მაელვარებსა;

მისი ციმციმი მზისაებრ ეფინებოდა არებსა;

ძვირ-ძვირად გვეუბნებოდა სიტყვასა რასმე წყნარებსა,

კბილთაგან შუქი შეადგა ზედან გიშრისა სარებსა.

«კვლა ვეუბენით მას მზესა ტკბილ-მოუბრითა ენითა.

არ მონა იყო, ტყუოდა, ჩვენ ესე შევიგენითა;

როშაქ შეატყო ქალობა, გვერდსა წაუდგა ცხენითა,

აღარ გავუშვით, დაჭირვა ვჰკადრეთ ხელითა ჩვენითა.

«კვლა ვჰკითხეთ: «გვითხარ მართალი საქმე შენ მზებრ ნათელისა,

ვისი ხარ, ვინ ხარ, სით მოხვალ მანათობელი ბნელისა?»

მან არა გვითხრა, გაუშვა წყარო ცრემლისა ცხელისა.

რა საბრალოა გავსილი მთვარე, ჩანთქმული გველისა!

«არცა-რა ცხადი ამბავი, არცა-რა დასამალავი,

არა არ გვითხრა, ვინ იყო, ან ვისგან ნამუხთალავი;

ქუშ-ქუშად გვეუბნებოდა, კუშტი, თავისა მკრძალავი,

ვითა ასპიტი, მჭვრეტელთა მისთა თვალითა მლალავი.

«როშაქ გვიბრძანა: «ნუ ჰკითხავთ, აწ თურე არ სათქმელია,

ამისი საქმე უცხოა, საამბობლადცა ძნელია;

ბედი მეფისა ჩვენისა არსთაგან სანატრელია,

მით რომე ღმერთი მას მისცემს, რაც უფრო საკვირველია.

«ესე ღმერთსა მისაგვრელად მისად ჩვენთვის მოუგვრია,

მივუტანოთ არმაღანად, დაგვიმადლებს მეტად დია.

თუ დავმალავთ, დავმჟღავნდებით, მეფე ჩვენი ამაყია,

პირველ - მათი შეცოდება, მერმე დიდი აუგია».

«მივემოწმენით, თათბირნი არ კიდე გავაკიდენით;

დავბრუნდით, ქაჯეთს მივჰმართეთ, მას წინა მოვეკიდენით,

არცა რა ვჰკადრეთ ხელდახელ, არცა თუ წავეკიდენით;

იგი ტირს, ღაწვსა გულ-მდუღრად ჩაჰრცხის ცრემლისა კი დენით.

«მე როშაქს ვჰკადრე: «გამიშვი კვლა ადრე თქვენი მხლებელი;

აწ გულანშაროს ქალაქსა ვარ საქმის რასმე მდებელი».

მან გამომიშვა, აქ სადმე ლარი მიც წასაღებელი,

თანა წავიტან, წა-ცა-ვალ მე მათი ზედა-მსწრებელი».

“მათ კაცთა დია ეამა ესე ამბავი მონისა.

მე გავიგონე, შე-რე-მშრა ნაკადი ცრემლთა ფონისა,

მენიშნა, ყოვლი ნიშანი ვიცან ჩემისა ღონისა,

ცოტაი ლხინი მომეცა, მსგავსი დრამისა წონისა.

“მოვიყვანე იგი მონა, ახლოს დავსვი ჩემსა წინა,

ვჰკითხე: «მითხარ, რას იტყოდი? გაგონება მეცა მინა».

მან იგივე კვლა მიამბო, რაცა მუნით მომესმინა,

ამ ამბავმან გამაცოცხლა, სულ-მობრძავი დამარჩინა.

მე ორნი შავნი მონანი მყვანან სავსენი გრძნებითა:

უჩინოდ წავლენ-წამოვლენ მათითა ხელოვნებითა;

მოვასხენ, ქაჯეთს გავგზავნენ, ვარქვი, თუ: «ნუ დასდგებითა,

მაცნობეთ მისი ამბავი თქვენითა მოქმედებითა».

“სამ დღე მოვიდეს, მიამბეს, ფიცხლა ებიჯა გზისადა:

«მიუგვრიაო მეფისა, ზღვას იქით წამავლისადა,

ვერვის შეუდგმან საჭვრეტლად თვალნი, მართ ვითა მზისადა,

ქვე დაუწინდავს საცოლედ როსან ცოტასა ყმისადა.

«როსანს შევჰრთოთო, - დულარდუხტს მეფესა უბრძანებია, -

ჯერ ქორწინებად არა მცალს, აწ გული ცეცხლ-ნადებია;

შემოვიქცევი, შევისძლობ, ვინ ცისა მზედ ნაქებია».

ციხეს დაუსვამს, ხადუმი ერთაი უახლებია.

«ყოვლი მცოდნელი გრძნებისა მას თანა წაუტანია,

მით რომე გზაა საჭირო, მტერნი საომრად მზანია;

ქვე დაუყრია მოყმები, ვინც უფრო გულოვანია,

დაეყოვნების: წასრულა, ჯერეთ ცოტაი ხანია.

«ქაჯთა ქალაქი აქამდის მტერთაგან უბრძოლველია:

ქალაქსა შიგან მაგარი კლდე მაღალი და გრძელია,

მას კლდესა შიგან გვირაბი, ასაძრომელი ხვრელია,

მუნ არის მარტო მნათობი, მისთა შემყრელთა მწველია.

«გვირაბის კარსა ნიადაგ მოყმე სცავს არ პირ-ნასები,

ათი ათასი ჭაბუკი დგას, ყველაკაი ხასები,

ქალაქის კართა სამთავე - სამათას-სამათასები.

გულო, გაგსაჯა სოფელმან, არ ვიცი და, გლახ, რას ები!»”

ესე ამბავი ავთანდილ პირ-მზემან, მაგარ-ვადამან,

რა მოისმინა, ეამა, სხვად არა გაუცხადა მან,

შესწირა ღმერთსა მადლობა ტურფამან დანაბადამან:

“ამბავი ჩემი სალხინო მითხარო ვისმანღა დამან!”

ფატმანს უთხრა: “საყვარელო, კმა ხარ ჩემთვის სასურველად,

მე ამბავი სანატრელი მომასმინე არ პირ-ბნელად,

40
{"b":"715418","o":1}