Литмир - Электронная Библиотека
Содержание  
A
A

მაგრა საქმე ქაჯეთისა გამაგონე უფრო მრთელად,

ქაჯნი ყველა უხორცოა, რამან შექმნა ხორციელად?

“მის ქალისა სიბრალული ამანთებს და მიდებს ალსა,

მაგრა ქაჯნი უხორცონი რას აქმნევენ, მიკვირს, ქალსა?!”

ფატმან უთხრა: “მომისმინე, მართლად გხედავ მანდა მკრთალსა,

არ ქაჯნია, კაცნიაო, მინდობიან კლდესა სალსა.

“ქაჯნი სახელად მით ჰქვიან, არიან ერთად კრებულნი

კაცნი, გრძნებისა მცოდნენი, ზედა გახელოვნებულნი,

ყოველთა კაცთა მავნენი, იგი არვისგან ვნებულნი;

მათნი შემბმელნი წამოვლენ დამბრმალნი, დაწბილებულნი.

ვეფხისტყაოსანი (Витязь в тигровой шкуре) - _16.jpg

“იქმენ რასმე საკვირველსა, მტერსა თვალსა დაუბრმობენ,

ქართა აღძრვენ საშინელთა, ნავსა ზღვა-ზღვა დაამხობენ,

ვითა ხმელსა გაირბენენ, წყალსა წმიდად დააშრობენ,

სწადდეს - დღესა ბნელად იქმენ, სწადდეს - ბნელსა ანათობენ.

“ამისთვის ქაჯად უხმობენ გარეშემონი ყველანი,

თვარა იგიცა კაცნია ჩვენებრვე ხორციელანი”.

ავთანდილ მადლი უბრძანა: “ცეცხლნი დამივსენ ცხელანი,

დიდად მეამნეს ამბავნი, სიტყვანი აწინდელანი”.

გულითა ღმერთსა ადიდებს ავთანდილ ცრემლთა მდენელი;

თქვა: “ღმერთო, გმადლობ, რომელი ხარ ჭირთა მომალხენელი;

ყოფილი, მყოფი, უთქმელი, ყურთაგან მოუსმენელი,

წყალობა თქვენი იჩქითად არს ჩვენი გარ-მომფენელი!”

მის ამბისა ცნობისათვის ცრემლით ღმერთსა ადიდებდა.

ფატმან ეჭვდა თავისათვის, ამად ცეცხლსა კვლა იდებდა;

ყმა ნამუსსა ინახევდა, სიყვარულსა იფერებდა;

ფატმან ყელსა ეხვეოდა, პირსა მზესა აკოცებდა.

მას ღამე ფატმან იამა ავთანდილთანა წოლითა;

ყმა უნდო-გვარად ეხვევის ყელსა ყელითა ბროლითა,

ჰკლავს თინათინის გონება, ძრწის იდუმლითა ძრწოლითა,

გული მხეც-ქმნილი გასჭრია, მხეცთავე თანა რბოლითა.

ავთანდილ მალვით ცრემლსა სწვიმს, სდის ზღვათა შესართავისად,

შიგან მელნისა მორევსა, ცურავს გიშრისა ნავი სად;

იტყვის, თუ: “მნახეთ, მიჯნურნო, იგი, ვინ ვარდი ა ვისად,

უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი ბულბული მსგავსად ყვავისად!”

მუნ ცრემლნი, მისგან ნადენნი, ქვათაცა დასალბონია;

გიშრისა ტევრსა აგუბებს, ვარდისა ველსა ფონია;

ფატმან მას ზედა იხარებს, მართ ვითა იადონია.

თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია.

გათენდა. ბანად წავიდა მზე, სოფელს შუქ-ნაკიდები;

დიაცმან უძღვნა მრავალი კაბა, ყაბაჩა, რიდები,

მრავალი ფერი სურნელი, ტურფა პერანგი, წმიდები:

“რაც გეწადოსო, ჩაიცვი, მე ნურას ნუ მერიდები”.

ავთანდილ თქვა: “საქმე ჩემი გავაცხადო ამა დღესა!”

სამოსისა ვაჭრულისა ცმა აქამდის დაეწესა;

მას დღე ყოვლი საჭაბუკო შეიმოსა ტანსა მხნესა,

მოიმატა დაშვენება, დაემსგავსა ლომი მზესა.

ფატმანს პური შეეკაზმა ავთანდილის საწვეველად;

ყმა შევიდა მოკაზმული მხიარულად, არ პირ-ბნელად;

ფატმან ნახა, გაუკვირდა ვაჭრულისა უმოსელად,

შემოსცინა: “აგრე სჯობსო შენთვის ხელთა სასურველად”.

ფატმან მისსა შვენებასა მეტის-მეტად ჰკვირდებოდა.

მან პასუხი არა გასცა, თავის წინა ღიმდებოდა:

“შეეტყვების, არ მიცნობსო, ეგრე ვითა ყივნდებოდა!”

თუცა რასმე იფერებდა, მეტი არა გაჰვიდოდა.

პური ჭამეს, გაიყარნეს, ყმა მივიდა მისსა შინა,

ღვინო-სმული, მხიარული დაწვა, ამოდ დაიძინა;

საღამო-ჟამ გაიღვიძა, შუქი ველთა მოაფინა,

ფატმან უხმო: “მოდი, მნახე, მარტო ვარო, თავის წინა”.

ფატმან მივიდა, ავთანდილს ხმა ესმა მისგან ოხისა;

იტყოდა: “მომკლავს უცილოდ ტანი ალვისა, მო, ხისა!”

გვერდსა დაისვა, ბალიში მისცა მისისა ნოხისა,

ვარდისა ბაღსა უჩრდილობს ჩრდილი წამწამთა ქოხისა.

ავთანდილ ბრძანა: “ჰე ფატმან, ვიცი ეს საქმე შენია,

დაჰკრთები ამა ამბავსა, მართ ვითა გველ-ნაკბენია,

მაგრა აქამდის მართალი შენ ჩემი არა გსმენია,

ჩემნი მომკლველნი წამწამნი შავნი გიშრისა ხენია.

“გგონივარ ვინმე ვაჭარი, პატრონი ქარავანისა;

მე ვარ სპასპეტი მაღლისა მეფისა როსტევანისა,

თავადი სპისა დიდისა, მათისა შესაგვანისა,

მაქვს პატრონობა მრავლისა საჭურჭლე-ზარადხანისა.

“შენ გიცი კარგი მოყვარე, ერთგული, მისანდობელი.

მათ უვის ერთი ასული, მზე ხმელთა მანათობელი, -

იგია ჩემი დამწველი და ჩემი დამადნობელი, -

მან გამომგზავნა, დავაგდე პატრონი, მათი მშობელი.

“რომე შენ ქალი გყოლია, მე ძებნად მისვე ქალისად

მივლია ყოვლი ქვეყანა, მის მზისა მონაცვალისად;

მისთვის გაჭრილი მინახავს, წევს ლომი ფერ-ნამკრთალი სად,

გამცუდებელად თავისად, მის გულისა და ძალისად”.

ავთანდილ ფატმანს ყოველი უთხრა ამბავი თავისა,

ამბავი ტარიელისა, შემოსვა ვეფხის ტყავისა;

უბრძანა: “შენ ხარ წამალი ჯერთ შენგან უნახავისა,

ღონე წამწმისა ხშირისა, ყორნის ფრთებ ნაფუშავისა.

“მოდი და, ფატმან, მეწიე, ვეცადნეთ მისსა რგებასა,

ვუშველოთ, იგი მნათობნი ნუთუ მიეცნენ შვებასა;

ვინცა სცნობს კაცი, ყველაი ჩვენსა დაიწყებს ქებასა,

ნუთუ კვლა მიჰხვდენ მიჯნურნი ერთმანერთისა ხლებასა.

“მომგვარე, ქაჯეთს გავგზავნოთ იგივე მონა გრძნეული,

ქალსა ვაცნობოთ ყველაი ამბავი, ჩვენგან ცნეული;

მანცა გვაცნობოს მართალი, ვქმნათ მისი გამორჩეული,

ღმერთმან ქმნას, ქაჯთა სამეფო მოგესმას ჩვენგან ძლეული!”

ფატმან თქვა: “ღმერთსა დიდება, საქმენი მომხვდეს, მო, რანი,

დღეს რომე მესმნეს ამბავნი, უკვდავებისა სწორანი!”

მოჰგვარა მონა გრძნეული, შავი, მართ ვითა ყორანი;

უბრძანა: “ქაჯეთს გაგზავნი, წა, გზანი გისხენ შორანი!

“აწ გამოჩნდების სახმრობა ჩემი შენისა გრძნებისა,

ფიცხლად დამივსე სახმილი შენ ჩემთა ცეცხლთა გზნებისა,

მას მზესა ჰკადრე მიზეზი მისისა განკურნებისა”.

მან უთხრა: “ხვალე მოგართვა ყოვლი ამბავი ნებისა”.

წიგნი ფატმანისა ნესტან-დარეჯანთანა

ფატმან სწერს: “აჰა, მნათობო, სოფლისა მზეო ზენაო,

შენთა შორს-მყოფთა ყოველთა დამწველო, ამაზრზენაო,

სიტყვა-მჭევრო და წყლიანო, ტურფაო, ლამაზ-ენაო,

ბროლო და ლალო - ოროვე კვლა ერთგან შენათხზენაო!

“თუცა თუ შენი ამბავი შენ არა მომასმენიე,

მე ეგრეცა ვცან მართალი, მით გულსა მოვალხენიე;

შენთვის ხელ-ქმნილსა ტარიელს ამბითა მოალხენიე;

ორნივე მიჰხვდეთ წადილსა, იგი ვარდობდეს, შენ იე.

“მოსრულა შენად საძებრად მისი ძმად-შეფიცებული,

ავთანდილ, მოყმე არაბი, არაბეთშიგან ქებული,

სპასპეტი როსტენ მეფისა, ვერვისგან დაწუნებული;

შენ სწერდი შენსა ამბავსა, ლაღი, ბრძნად გაგონებული.

“ჩვენ ამისთვის ესე მონა გამოვგზავნეთ თქვენსა წინა,

ვცნათ ამბავი ქაჯეთისა, მოსრულანცა ქაჯნი შინა?

მანდაურთა მეომართა ანგარიში წვრილად გვინა:

ვინ არიან მცველნი შენნი, ან თავადი მათი ვინ ა?

“რაცა იცი მანდაური, მოგვიწერე, გაამჟღავნე;

მერმე შენსა საყვარელსა ნიშანი რამ გაუგზავნე!

შენი ყველა აქანამდის ჭირი ლხინსა გაათავნე,

ღმერთსა უნდეს, მოყვარენი შესაფერნი შეგაზავნე!

- “წადი, უსტარო, ისწრაფე, თუ მუხლი გქონდეს მალები;

დაგნატრი, მიხვალ, დაგხვდების ბროლი, სათი და ლალები;

ბედად შენ მჯობხარ, უსტარო, გნახვენ დამწველის თვალები,

შენს უკან ჩემი სიცოცხლე, თუ გესმის, არ გებრალები?”

ფატმან მისცა დაწერილი მას გრძნეულსა ხელოვანსა.

“ესე წიგნი მიართვიო ქალსა, მზისა დასაგვანსა!”

მან გრძეულმან მოლი რამე წამოისხა ზედა ტანსა,

მასვე წამსა დაიკარგა, გარდაფრინდა ბანის-ბანსა.

41
{"b":"715418","o":1}