Литмир - Электронная Библиотека
Содержание  
A
A

იგი მით აკრთობს ელვასა, მზისაცა უთამამოსა,

მას საბოძვარი უბოძა, მისი ყველაი დამოსა.

მეფე შეჯდა, გაეგება ყმასა, მუნით მომავალსა;

ამას პირ-მზე მეფისაგან ივალებდა ვითა ვალსა.

მიეგება, მოეგება მხიარული გულ-მხურვალსა,

დიდებულთა ჯარისაგან ზოგნი ჰგვანდეს ვითა მთრვალსა.

რა მიეახლა, გარდახდა ყმა, თაყვანის-სცა მეფესა;

აკოცა როსტან, მიმხვდარმან ნიშატთა სიიეფესა;

გულ-მხიარულნი, შვებულნი მივლენ დარბაზსა სეფესა;

მის ყმისა მოსლვა უხარის ყოველსა მუნ მეკრეფესა.

მას ავთანდილ თაყვანის-სცა ლომთა ლომმან მზეთა მზესა.

მუნ ბროლი და ვარდ-გიშერი გაეტურფა სინაზესა.

პირი მისი უნათლეა სინათლესა ზესთა ზესა,

სახლ-სამყოფი არა ჰმართებს, ცამცა გაიდარბაზესა!

მას დღე დასხდეს ნადიმობად, გაამრავლეს სმა და ჭამა;

ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს, ვითა შვილსა ტკბილი მამა.

მათ ორთავე აშვენებდა ფიფქსა თოვნა, ვარდსა ნამა.

უხვად გასცეს საბოძვარი, მარგალიტი, ვითა დრამა.

სმა გარდახდა, თავის-თავის გაიყარნეს მსმელნი შინა;

დიდებულნი არ გაუშვნეს, ყმა დაისვეს ახლოს წინა;

მეფე ჰკითხავს, იგი ჰკადრებს, რაცა ჭირი დაეთმინა,

მერმე მისი, უცნობოსა, რა ენახა, რა ესმინა:

“მას ვახსენებდე, ნუ გიკვირს, თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა!

მზე თუ ვთქვა მსგავსი მისი და ანუ მისისა სახისა,

ვინ უნახავ-ქმნის გონება ყოველთა კაცთა მნახისა;

ვარდი დამჭნარი ეკალთა შუა, შორს-მყოფი, ახ ის ა!”

რა ჭირი კაცსა სოფელმან მოუთმოს მოუთმინამან,

ქაცვი ლერწამმან, ზაფრანა იმსგავსოს ფერად მინამან,

ავანდილ, მისმან მხსენებმან, ღაწვი ცრემლითა მინამან.

წვრილად უამბო ამბავი მან, მისმან მონასმინამან:

“ქვაბნი წაუხმან დევთათვის, სახლად აქვს დევთა სახლები,

საყვარელისა მისისა ქალი ჰყავს თანა ნახლები,

ვეფხისა ტყავი აცვია, ცუდად უჩნს სტავრა-ნახლები,

აღარა ნახავს სოფელსა, ცეცხლი სწვავს ახალ-ახლები”.

რა დაასრულა ამბავი, საქმე მისისა ჭირისა,

ნახვა მის მზისა ნათლისა, მის თვალად არ დუხჭირისა,

ეამა, უქეს ვარდისა ხელი, მძლედ დანამჭირისა:

“ეგე კმა სიმხნე სიმხნისად, რადღა ხარ მომხვეჭი რისა!”

გამხიარულდა თინათინ ამა ამბისა სმენითა;

მას დღე იხარებს სმისა და ჭამისა არ-მოწყენითა,

კვლა საწოლს დაჰხვდა მის მზისა მონა სიტყვითა ბრძენითა:

მისლვა ებრძანა, - ეამა, თქმა არ ეგების ენითა.

ყმა წავიდა მხიარული, ლმობიერი, არ გამწყრალი,

ლომი მინდორს ლომთა თანა მინდოს რული, ფერ-ნამკრთალი,

ყმა სოფლისა ხასიათი, ჯავარ-სრული, მრავალ-წყალი,

მაგრა ჰქონდა გულისათვის გული გულსა განაცვალი.

მზე უკადრი ტახტსა ზედა ზის მორჭმული, არ ნადევრი,

წყლად ეფრატსა უხვად ერწყო ედემს რგული ალვა მჭევრი;

ბროლ-ბადახშსა აშვენებდა თმა გიშერი, წარბი ტევრი,

მე ვინ ვაქებ? ათენს ბრძენთა, ხამს, აქებდეს ენა ბევრი!

ყმა მხიარული წინაშე დასვა სკამითა მისითა;

სხენან სავსენი ლხინითა, ორთავე შესატყვისითა;

უბნობენ ლაღნი, წყლიანნი, არა სიტყვითა მქისითა;

უთხრა: “ჰპოვეა, პატიჟნი ჰნახენ ძებნითა ვისითა?”

ჰკადრა: “რა კაცსა სოფელმან მისცეს წადილი გულისა,

ხსოვნა არა ხამს ჭირისა, ვით დღისა გარდასრულისა.

ვპოვე ხე, ტანი ალვისა, სოფლისა წყალთა რწყულისა,

მუნ პირი, მსგავსი ვარდისა, მაგრა აწ ფერ-ნაკლულისა.

მუნ სარო, მსგავსი ვარდისა, ვნახე, მისჭირდა მი, ნები;

იტყვის: «დავკარგე ბროლი და სადა ჰრთავს ბროლსა მინები».

მით ვიწვი, რათგან ჩემებრვე ცეცხლი სწვავს მოუთმინები”.

მერმე კვლა ჰკადრა ამბავი მან, მისგან მონასმინები.

სიარულსა მისგან ძებნად, სრულ პატიჟთა მოსთვლის, ჭირსა,

მერმე ჰკადრა, საწადლისა ღმერთმან პოვნა ვით აღირსა:

“საწუთრო და სოფელს ყოფნა, კაცი უჩნსო, ვით ნადირსა,

ოდენ ხელი მხეცთა თანა იარების მინდორს, ტირსა.

“ნუ მკითხავ, ქება რა გკადრო, ჩემგან ვით გაგეგონების?

მისსა მნახავსა ნახული აღარა მოეწონების;

თვალნი მჭვრეტელთა, ვით მზისა ციაგსა, დაეღონების;

ვარდი შექმნილა ზაფრანად, აწ ია შეიკონების!”

წვრილად ჰკადრა, რა იცოდა, რა ნახული, რა ნასმენად:

“ვითა ვეფხსა წავარნა და ქვაბი აქვსო სახლად, მენად;

ქალი ახლავს სასურველად, სულთა დგმად და ჭირთა თმენად”.

ვა, სოფელმან სოფელს მყოფი ყოვლი დასვა ცრემლთა დენად!

ქალსა რა ესმა ამბავი, მიჰხვდა წადილი ნებისა,

განათლდა პირი მთვარისა, ვით ნათლად ნავანებისა;

იტყვის: “რა ვუთხრა პასუხი მისთა ნებისა თნებისა,

რაა წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა?”

ყმა ეტყვის: “ვის აქვს მინდობა კაცისა მომცქაფავისა?

მან ჩემთვის დაწვა თავისა დადვა, არ-დასაწვავისა;

დრო დამიც ჩემგან მისლვისა, მითქვმს დადება თავისა,

მზე შემიფიცავს თავისა, ჩემგან მზედ სახედავისა.

“ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,

გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად;

კვლა მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად,

აჰა, მაქვსმცა უმისოსა ლხინი არმად, თავი ფლიდად!”

მზე ეტყვის: “მომხვდა ყოველი ჩემი წადილი გულისა:

პირველ, შენ მოხველ მშვიდობით, მპოვნელი დაკარგულისა,

მერმე, ზრდა სიყვარულისა გაქვს, ჩემგან დანერგულისა,

ვპოვე წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა!

“საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხვდების:

ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების.

მაშინ ჭირი ჩნდა ჩემზედა, აწ ასრე ლხინად უხვდების,

რათგან შვება აქვს სოფელსა, თვით რად ვინ შეუწუხდების?

“შენ არ-გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა, ფიცისა.

ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა,

ძებნა წამლისა მისისა, ცოდნა ხამს მართ უიცისა,

ჩემი თქვი, რა ვქმნა ბნელ-ქმნილმან, მზე მიმეფაროს, მი, ცისა?”

ყმამან ჰკადრა: “სიახლითა შევჰრთე ჭირი შვიდსა მე რვა,

ცუდი არის დამზრალისა გასათბობლად წყლისა ბერვა,

ცუდი არის სიყვარული, ქვეით კოცნა, მზისა წვერვა,

თუ გეახლო, ერთხლ ვა და, რა მოგშორდე, ათასჯერ ვა!

ვეფხისტყაოსანი (Витязь в тигровой шкуре) - _10.jpg

“ვა თუ გავიჭრა, გაჭრილსა სადა, გლახ, დამწვავს სამ ალი!

გული ძეს საგნად ისრისა, მესრვის საკრავად სამალი;

დრო სიცოცხლისა ჩემისა დღესითგან ჩანს ნასამალი;

მალვა მწადს, მაგრა გარდახდა ჟამი პატიჟთა სამალი!

“მესმა თქვენი ნაუბარი, გავიგონე, რაცა ჰბრძანე!

ვარდსა ქაცვი მოაპოვებს, ეკალთამცა რად ვეფხანე!

მაგრა, მზეო, თავი მზესა ჩემთვის სრულად დააგვანე,

სიცოცხლისა საიმედო ნიშანი რა წამატანე!”

ყმა ტკბილი და ტკბილ-ქართული, სიკეთისა ხელის მხდელი,

მზესა ასრე ეუბნების, ვით გაზრდილსა ამო მზრდელი;

ქალმან მისცა მარგალიტი, სრულ-ქმნა მისი საწადელი,

ღმერთმან ქმნას და გაუსრულდეს ლხინი ესე აწინდელი!

რა სჯობს, რა კაცმან გიშერი ბროლ-ლალსა თანა ახიოს,

ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს, მორწყოს, ახიოს,

მისსა მჭვრეტელსა ალხინოს, ვერ-მჭვრეტსა ავაგლახიოს!

ვაი მოყვრისა გაყრილსა, ახი ოს ეყოს, ახი ოს!

მათ მიჰხვდა ლხინი ყოველი ერთმანერთისა ჭვრეტითა.

ყმა წამოვიდა გაყრილი, მივა გულითა რეტითა.

მზე ტირს სისხლისა ცრემლითა, ზღვისაცა მეტის-მეტითა.

იტყვის: “ვერ გაძღა სოფელი, ვა, ჩემთა სისხლთა ხვრეტითა!”

ყმა წავიდა სევდიანი, მკერდსა იცემს, ამად ილებს,

რომე კაცსა მიჯნურობა ატირებს და აგულჩვილებს;

რა ღრუბელი მიეფარვის, მზე ხმელეთსა დააჩრდილებს,

მის მოყვრისა მოშორება კვლა აბინდებს, არ ადილებს.

23
{"b":"715418","o":1}