Литмир - Электронная Библиотека
Содержание  
A
A

თვით მონა შენი მოწმად მყავს, ფიცი აფიცე ღმრთიანი,

აჰა თითი და ბეჭედი, და დანა მაქვს სისხლიანი.

“აწ მითხარ, თუ: რას იტყოდი, რას გაშმაგდი ისრე რეტად?

რას გექადდა ისი კაცი? მესწრაფების მეტის-მეტად”.

ფატმან ფერხთა მოეხვია: “არა ღირს ვარ პირსა ჭვრეტად,

გამიმრთელდა გული წყლული, ახლა დავჯე ცეცხლთა შრეტად.

“მე და უსენი შვილითურთ აწ ახლად დავიბადენით;

ლომო, ქებანი შენნიმცა ჩვენ ვითა ვადიადენით!

ვინათგან სისხლთა იმისთა დაღვრასა დაექადენით,

თავითგან გითხრობ ყველასა, თქვენ სმენად დაემზადენით”.

ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა

ამა ქალაქსა წესია, დღესა მას ნავროზობასა

არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა;

ყოველნი სწორად დავიწყებთ კაზმასა, ლამაზობასა,

დიდსა შეიქმენ მეფენი პურობა-დარბაზობასა.

“ჩვენ დიდ-ვაჭართა ზედა-გვაც დარბაზს მიღება ძღვენისა,

მათ საბოძვრისა ბოძება ჰმართებს მსგავსისა ჩვენისა;

ათ დღემდის ისმის ყოველგან ხმა წინწილისა, ებნისა,

მოედანს მღერა, ბურთობა, დგრიალი ცხენთა დგენისა.

“ქმარი ჩემი დიდ-ვაჭართა წაუძღვების, უსენ, წინა,

მათთა ცოლთა მე წავასხამ, მაწვეველი არად მინა;

დედოფალსა ძღვენსა ვუძღვნით, მდიდარი თუ გლახა ვინ ა,

დარბაზს ამოდ გავიხარებთ, მხიარულნი მოვალთ შინა.

დღე მოვიდა ნავროზობა, დედოფალსა ძღვენი ვსძღვენით;

ჩვენ მივართვით, მათ გვიბოძეს, ავავსენით, ავივსენით;

ჟამიერად მხიარულნი წამოვედით ნებით ჩვენით,

კვლა დავსხედით გახარებად, უნებურნი არ ვიყვენით.

“ბაღსა შიგან თამაშობად საღამოსა გავე ჟამსა,

გავიტანე ხათუნები, - მათი ჭმევა ჩემგან ხამსა;

მომყვებოდეს მომღერალნი, იტყოდიან ტკბილსა ხმასა,

ვიმღერდი და ვყმაწვილობდი, ვიცვალებდი რიდე-თმასა.

“იქ ბაღსა შიგან ტურფანი სახლნი, ნატიფად გებულნი,

მაღალნი, ყოვლგნით მხედველნი, ზღვას ზედა წაკიდებულნი,

მუნ შევიტანენ ხათუნნი, იგი ჩემთანა ხლებულნი,

კვლა დავიდევით ნადიმი, დავსხედით ამოდ შვებულნი.

“ვაჭრის ცოლთა ვუმასპინძლე მხიარულად, ამოდ, დურად;

სმასა ზედა უმიზეზოდ გავხე რამე უგემურად,

რა შემატყვეს, გაიყარა, სხდომილ იყო რაცა პურად,

მარტო დავრჩი, სევდა რამე შემომექცა გულსა მურად.

“უკმოვახვენ სარკმელნი და შევაქცივე პირი გზასა,

ვიხედვიდი, ვიქარვებდი კაეშნისა ჩემგან ზრდასა;

შორს ამიჩნდა ცოტა რამე, მოცურვიდა შიგან ზღვასა,

მფრინველად ვთქვი, ანუ მხეცად, სხვას ვამსგავსე მემცა რასა!

ვეფხისტყაოსანი (Витязь в тигровой шкуре) - _15.jpg

“მაშორვიდა, ვერად ვიცან; მომეახლა, იყო ნავი;

ორთა კაცთა, ტანად შავთა, თვით პირიცა ედგა შავი;

იქით-აქათ მოსდგომოდეს, ახლოს უჩნდა ოდენ თავი,

გამოვიდეს, გამიკვირდა იგი უცხო სანახავი.

“გამოზიდეს იგი ნავი, გამოიღეს ბაღსა წინა,

მიიხედეს, მოიხედეს, ვინ გვიჭვრეტსო, სადა, ვინა;

ვერა ნახეს სულიერი, ვერცა რამან შეაშინა,

მე იდუმალ ვიხედვიდი, სულ-ღებული ვიყავ შინა.

“მით ნავიდაღმა მათ რომე გარდმოსვეს კიდობანითა,

აჰხადეს, ქალი გარდმოსვეს უცხოთა რამე ტანითა,

თავსა რიდითა შავითა, ქვეშეთ მოსილი მწვანითა,

მზესა სიტურფით ეყოფის, იყოს მისითა გვანითა.

“რა მობრუნდა ქალი ჩემკე, შემოადგეს სხივნი კლდესა,

ღაწვთა მისთა ელვარება ელვარებდა ზესთა ზესა;

დავიწუხენ თვალნი, ყოლა ვერ შევადგენ, ვითა მზესა,

უკმოვიხშევ კარი ჩემკე, მათი ჭვრეტა ვერა ცნესა.

“მოვიხმენ ოთხნი მონანი, ჩემსა წინაშე მდგომელნი,

ვუჩვენე: «ჰხედავთ, ინდოთა ტყვედ ჰყვანან შუქნი რომელნი?

ჩაეპარენით, ჩაედით, ჩქარად ნუ მიხვალთ მხლტომელნი,

მოგყიდონ, ფასი მიეცით, რისაცა იყვნენ მნდომელნი.

«თუ არ მოგცენ, ნუღა მისცემთ, წაჰგვარეთ და დახოცენით,

მოიყვანეთ ისი მთვარე, ქმენით კარგად, ეცადენით!»

ჩემნი ყმანი ზედადაღმა ჩაეპარნეს, ვითა ფრენით,

დაევაჭრნეს, არ მოჰყიდეს, შავნი ვნახენ მეტად წყენით.

“მე სარკმელთა გარდავადეგ. რა შევიგენ, არ მოჰყიდეს,

შევუზახენ: «დახოცენით!», დაიპყრნეს და თავსა სჭრიდეს;

იგი ზღვასა შეასრივნეს, შემოადგეს ქალსა, სცვიდეს;

ჩავეგებე, გამოვჰგვარე, ზღვის პირს ხანსა არ დაზმიდეს.

“რა გიამბო ქება მისი, რა სიტურფე, რა ნაზობა!

ვფიცავ, რომე იგი მზეა, არა ჰმართებს მზესა მზობა!

ვინ გაიცდის შუქთა მისთა, ვინმცა ვით ქმნა ნახაზობა!

მე თუ დამწვავს, აჰა მზა ვარ, არღა უნდა ამას მზობა!”

ესე სიტყვა დაასრულა, ფატმან იკრნა პირსა ხელნი;

ავთანდილსცა აეტირნეს, გარდმოყარნა ცრემლნი ცხელნი;

ერთმანერთი დაავიწყდა, მისთვის გახდეს ვითა ხელნი,

ღვარმან, ზედათ მონადენმან, გააწყალნა ფიფქნი თხელნი.

მოიტირეს, ყმამან უთხრა: “ნუღარ გასწყვედ, გაასრულე”.

ფატმან იტყვის: “მივეგებე, გული მისთვის ვაერთგულე,

გარდვუკოცნე ყოვლი ასო, თავი ამად მოვაძულე,

ზედა დავსვი ტახტსა ჩემსა, შევეკვეთე, გავესულე.

“ვჰკადრე: «მითხარ, ვინ ხარ, მზეო, ანუ შვილი ვისთა ტომთა?

იმა ზანგთა სით მოჰყვანდი შენ, პატრონი ცისა ხომთა?»

მან პასუხი არა მითხრა მე სიტყვათა ესეზომთა,

ას-ნაკეცი წყარო ვნახე ცრემლთა, მისთა მონაწთომთა.

“რა მივაჭირვე კითხვითა, მეტითა საუბარითა,

გულ-ამოხვინჩვით ატირდა მით რამე ხმითა წყნარითა;

ბროლ-ლალსა ღვარი ნარგისთათ მოსდის გიშრისა ღარითა;

მისი მჭვრეტელი დავიწვი, გავხე გულითა მკვდარითა.

“მითხრა: «შენ ჩემთვის, დედაო, ხარ უმჯობესი დედისა,

რას აქმნევ ჩემსა ამბავსა, ზღაპარი არის ყბედისა!

ღარიბი ვინმე, შემსწრობი ვარ უბედოსა ბედისა;

თუ რაცა მკითხო, ძალიმცა გიგმია არსთა მხედისა!»

“ვთქვი: «უჟამოდ არ წესია მოყვანა და მზისა ხმობა;

მომყვანელი გაშმაგდების და წაუვა ერთობ ცნობა;

ხმობა, უნდა ჟამიერად, სააჯოსა ყოვლსა თხრობა.

რად არ ვიცი ამა მზისა საუბრისა უჟამობა?»

“ავიყვანე იგი პირ-მზე ნაქები და ვერ ვთქვი უქი;

სურვილმან და მზემან მისმან, ძლივ დავმალე მისი შუქი,

ჩამოვჰბურე მრავალ-კეცი სტავრა მძიმე, არ სუბუქი;

ცრემლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, წამწამთაგან მოქრის ბუქი.

“მოვიყვანე შინა ჩემსა იგი პირ-მზე ტანით ალვით,

მოვუკაზმე სახლი ერთი, შიგან დავსვი მეტად მალვით;

არვის ვუთხარ სულიერსა, შევინახე ფარვით, კრძალვით,

ერთი ზანგი ვამსახურე, მე შევიდი, ვნახი ხალვით.

“ვით გიამბო საკვირველი მე, გლახ, მისი ყოფა-ქცევა,

დღე და ღამე გაუწყვედლად ტირილი და ცრემლთა ფრქვევა!

შევეხვეწი: «დადუმდიო», წამ ერთ ჰქონდის ჩემი თნევა.

აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ, ჰაი ჩემთვის, ვაგლახ მე, ვა!

“შინა შევიდი, მას წინა ედგის ცრემლისა გუბები,

შიგან მელნისა მორევსა ეყარის გიშრის შუბები,

მელნისა ტბათათ იღვრების სავსე სათისა რუბები,

შუა ძოწსა და აყიყსა სჭვირს მარგალიტი ტყუბები.

“ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან,

თუმცა მეკითხა: «ვინა ხარ, ეგრე გასრული რისაგან?»

მჩქეფრად სისხლისა ნაკადი მოსდის ალვისა ხისაგან,

მას ხორციელი ვით გასძლებს სხვა, კიდეგანი ქვისაგან!

“არად უნდის საბურავი, არცა წოლა საგებლითა,

მიწყივ იყვის რიდითა და მით ერთითა ყაბაჩითა,

მკლავი მისი სასთაულად მიიდვის და მიწვის მითა,

ძლივ ვაჭამი ცოტა რამე ათასითა შეხვეწითა.

“სხვა გიამბო საკვირველი რიდისა და ყაბაჩისა;

ვარ მნახავი ყოვლისავე უცხოსა და ძვირფასისა,

მაგრა მისი არა ვიცი, ქმნილი იყო რაგვარ რისა:

სილბო ჰქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე - ნაჭედისა.

37
{"b":"715418","o":1}