Литмир - Электронная Библиотека
Содержание  
A
A

“დღესა ერთსა მეფე შეჯდა, ნადირობას გამოვიდა;

მინდორს ვნახეთ, ტარიელ ჯდა, ცრემლთა ღვრიდა, ველთა რწყვიდა,

გაგვიკვირდა, გვეუცხოვა, ვაწვიეთ და არ მოვიდა,

ჩვენ გვეწყინა, არ ვიცოდით, მას თუ ცეცხლი რაგვარ სწვიდა.

“მეფემან სპანი შეპყრობად შეუზახნა და წყრებოდა;

მან უჭირველად დახოცნა, ომი არ მისჭირდებოდა,

ზოგსა მხარ-თეძო დაჰლეწა და ზოგთა სული ჰხდებოდა;

მუნღა ცნეს, ეტლი მთვარისა რომე არ დაბრუნდებოდა.

“მათ სპათაგან ვერ-შეპყრობა ცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა,

თვით შესხდეს და შეუტიეს ამაყთა და არას მკრთალთა.

რა ტარიელ მეფე იცნა, მუნღა დაჰკრთა მათთა ხრმალთა,

ცხენსა მისცნა სადავენი, დაგვეკარგა წინა თვალთა.

“ვძებნეთ და კვალი ვერ ვპოვეთ, დავსწამეთ ეშმაურობა.

მეფე დაჭმუნდა, დაშალა სმა, ნადიმობა, პურობა.

მე ვერღა გავძელ მისისა ამბისა ვერ-დასტურობა,

გამოვიპარე საძებრად: მწვიდა ცეცხლისა მურობა.

“იგი ვძებნე წელსა სამსა, არ ვიამე არცა ძილი.

მათ მასწავლეს, ხატაელნი ვნახენ მისგან დაკოდილი;

ვპოვე ვარდი მოყვითანო, შუქ-მკრთალი და ფერ-მიხდილი,

შემიტკბო და შემიყვარა, ვითა ძმა და ვითა შვილი.

“ქვაბნი წაუხმან დევთათვის, სრულად გამესისხლებია;

მუნ ასმათ ახლავს მარტოსა, სხვა არვინ უახლებია;

მას მუდამ ძველი ცეცხლი სწვავს, არ ახალ, არ ახლებია,

ვა ჰმართებს მისსა გაყრილსა, შავი ხლა თავსა ჰხლებია.

“ქალი მარტო ქვაბსა შიგან ზის მტირალი, ცრემლ-ნაწთომი;

ყმა ნადირსა უნადირებს, ლომის ლეკვსა ვითა ლომი,

მიართმევს და იმით არჩენს იგი, ერთგან ვერ-დამდგომი,

მისგან კიდე სანახავად არა უნდა კაცთა ტომი.

“მე უცხოს უცხომ მანატრა მოსმენა სანატრელისა,

მითხრა ამბავი მისი და მისისა სასურველისა.

რა ჭირნი დათმნა, ვერ იტყვის აწ ენა ესე ხელისა,

ჰკლავს სურვილი და ვერ-ჭვრეტა მისისა დამმარხველისა.

“ვითა მთვარე დაუდგრომლად იარების, არ დადგების;

მასვე ცხენსა შენეულსა ზის, აროდეს გარდახდების;

არას ნახავს პირ-მეტყველსა, ვით ნადირი კაცთა ჰკრთების.

ვა მე, მისსა მგონებელსა, ვა მას, ვინცა მისთვის კვდების!

“მის ყმისა ცეცხლი მედების, ვტირი ცრემლითა ცხელითა;

შემებრალნეს და გავშმაგდი, გავხე გულითა ხელითა;

მომინდა მისთა წამალთა ძებნა ზღვითა და ხმელითა;

შევიქეც, ვნახენ მეფენი, მყოფნი გულითა ბნელითა.

“დავეთხოვე და გამიწყრა, მეფე მიეცა ჭმუნვასა.

დავყარენ ჩემნი ლაშქარნი, მით იძახიან მუნ ვასა;

გამოვიპარე, დავეხსენ სისხლისა ცრემლთა წურვასა,

აწ ვეძებ მისთა წამალთა, ვიქმ იქით-აქათ ბრუნვასა.

“შენი მან მითხრა ამბავი მისგან ძმობისა შენისა,

აწ მიპოვნიხარ უებრო, შენ - საქებარი ენისა;

გამომირჩიე, სით მიჯობს ძებნა მის მზისა ზენისა,

მისთა მჭვრეტელთა ლხინისა, ვერ-მჭვრეტთა ამაზრზენისა”.

აწ ფრიდონ იწვის სიტყვითა მის ყმისა ნაუბარითა;

ორნივე სწორად მოთქმიდეს მოთქმითა საქებარითა,

გულ-ამოსკვნილნი გულითა ტირან ვერ-დამთმობარითა,

მუნ ვარდსა წყლითა ცხელითა რწყვენ ტევრთა საგუბარითა.

ლაშქართა შიგან შეიქმნა ხმა ტირილისა დიდისა,

ზოგთაგან ხოკა პირისა, ზოგთაგან სრევა რიდისა.

ფრიდონ ტირს, მოთქვამს ხმა-მაღლად, გაყრილი წლისა შვიდისა:

“უხანობა და სიცრუვე, ვა, საწურთოსა ფლიდისა!”

ფრიდონ მოთქვამს: “რა შეგასხა, ვერ-საქებო, ვერ-სათქმელო!

ხმელთა მზეო, სამყაროსა მზისა ეტლთა გარდამსმელო,

მოახლეთა სალხინოო, სიცოცხლეო, სულთა მდგმელო,

ცისა ეტლთა სინათლეო, დამწველო და დამანთქმელო!

რა მოგეშორვე, მას აქათ სიცოცხლე მომძულვებია;

თუცა შენ ჩემად არა გცალს, მე შენთვის მომსურვებია;

შენ უჩემობა ლხინად გიჩნს, მე დია მიმჭირვებია,

ოხერ სიცოცხლე უშენოდ, სოფელი გამარმებია!”

ფრიდონ თქვნა ესე სიტყვანი მოთქმითა შვენიერითა;

სული დაიღეს, დადუმდეს, მივლენ არ თურე მღერითა.

ავთანდილ მჭვრეტთა აშვენებს ტურფითა აერ-ფერითა,

მელნისა ტბათა მიჯარვით ჰბურავს გიშრისა ჭერითა.

ქალაქს შევიდეს, მუნ დაჰხვდა სრა მოკაზმული სრულითა,

სახელმწიფოთა ყოვლითა გასაგებლითა სრულითა;

მონანი ტურფად მოსილნი წესითა იყვნეს რულითა!

შეჰფრფინვიდიან ავთანდილს გულითა სულ-წასრულითა.

შევიდეს და დიდი შექმნეს ჯალაბობა, არ ხალვათი:

იქით-აქათ დიდებულნი წარიგებით ათჯერ ათი;

თვით ორნივე ერთგან დასხდეს; ვინმცა ვით თქვა ქება მათი!

ბროლ-ბადახშსა აშვენებდა ზოგან მინა, ზოგან სათი.

დასხდეს, შეიქმნა პურობა, გაამრავლებდეს მახალსა,

უმასპინძლებდეს ავთანდილს, ვითა მზახალი მზახალსა,

მოიღებდიან ჭურჭელსა ტურფასა, ახალ-ახალსა,

მაგრა მის ყმისა მჭვრეტელთა გული მიეცა, გლახ, ალსა.

მას დღე სვეს, ჭამეს, გარდახდა ნადიმი მსმელთა დასისა.

გათენდა, ბანეს ავთანდილ, რიცხვი ძეს მუნ ატლასისა,

შესამოსელი შეჰმოსეს დრაჰკნისა ბევრ-ათასისა,

შეარტყეს წელთა სარტყელი, დაუდებელი ფასისა.

ყმამან დაყვნა დღენი რამე, თუცა ყოვნას ვერა სთმობდა,

ფრიდონს თანა ნადირობას გავიდის და თამაშობდა,

სწორად ჰხოცდის შორს და ახლოს, თუ რას ხელსა მიაპყროდა,

მისი სროლა მშვილდოსანსა ყველაკასა აწბილობდა.

ყმა ფრიდონს ეტყვის: “გესმოდეს ჩემი აწ მონახსენები:

მე შენი გაყრა სიკვდილად მიჩნს და მით თავსა ვევნები,

მაგრა არა მცალს დღე-კრულსა, ცეცხლი მწვავს მოუთმენები,

გზა გრძელი, საქმე სასწრაფო მიც, დია დავეყენები.

“მართალ არს, შენი გამყრელი თვალთათ თუ ცრემლსა ღვრიდესა,

დღეს წარუვალი ვერა ვარ, მით ცეცხლი სხვაცა მწვიდესა;

დგომა მგზავრისა ცთომაა, კარგსა იქმს, თავსა სწვრთიდესა;

სადა გინახავს იგი მზე, წამომყევ ზღვისა კიდესა”.

ფრიდონ უთხრა: “დასაშლელი ჩემგან არა არ გეთხრობის;

ვიცი, რომე აღარა გცალს, შენ ლახვარი სხვა გესობის;

წადი, ღმერთი გიწინამძღვრებს, მტერი შენი დაემხობის,

მაგრა თქვი, თუ უშენობა ჩემგან ვითა დაითმობის?

“ამას გკადრებ, არ ეგების მარტოსაგან წასლვა შენი;

თანა ყმათა წამოგატან, იმსახურენ, იახლენი,

აბჯარი და საგებელი, ერთი ჯორი, ერთი ცხენი.

არ წაიტან, გაირჯები ღაწვი-ვარდი ცრემლ-ნადენი”.

მოასხნა ოთხნი მონანი, მისანდობელნი გულითა,

სრული აბჯარი საკაცო ქაფითა, საბარკულითა,

სამოცი ლიტრი წითელი აწონით, არ-ნაკლულითა,

ერთი ტაიჭი უებრო, მით უნაგრითა სრულითა.

ერთსა ჯორსა წვივ-მაგარსა საგებელი აუკიდა;

წავიდა და ფრიდონ შეჯდა, მასთანავე გამოვიდა.

აწ გაყრისა მომლოდნესა ედებოდა ცეცხლი, სწვიდა,

მოთქვამს: “თუმცა მზე გვეახლა, ჩვენ ზამთარი ვერ დაგვზრვიდა”.

ზარი მის ყმისა გაყრისა გახდა, მიეცნეს წუხილსა.

მოატყდეს მოქალაქენი, ლარსა ვინ ჰყიდდა, თუ ხილსა;

ხმა ზახილისა მათისა ჰგვანდა აერთა ქუხილსა,

იტყოდეს: “მზესა მოვჰშორდით, მო, თვალნი მივსცნეთ წუხილსა!”

ქალაქი გავლეს, მივიდეს პირსა დიდისა ზღვისასა,

მაშინ ფრიდონის ნახულსა, ნასაჯდომევსა მზისასა,

მუნ დაადენდეს ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა,

ფრიდონ უამბობს ამბავსა მის მნათობისა ტყვისასა:

“აქა მათ ზანგთა მონათა მზე მოიყვანეს ნავითა,

კბილ-თეთრი, ბაგე-ბადახში, სახედავითა შავითა;

ცხენი გავქუსლე, გავაგე წაგვრა ხრმლითა და მკლავითა,

შორს მნახეს, ადრე გამექცეს, ნავი მფრინველი ჩნდა ვითა”.

მოეხვივნეს ერთმანერთსა, გაამრავლნეს ცრემლთა ღვრანი,

აკოცეს და გაუახლდეს მათ ორთავე მათნი წვანი,

გაიყარნეს გაუყრელნი ძმად-ფიცნი და ვითა ძმანი,

ფრიდონ დადგა, ყმა წავიდა, შემხედველთა მკლველი ტანი.

33
{"b":"715418","o":1}